რა ხდებოდა პარლამენტში, ვიდრე ხელჩართულ ჩხუბამდე მივიდოდნენ - კობახიძის განცხადების მთავარი აქცენტები
პარლამენტში მისული პრემიერ-მინისტრი თავს ეკონომიკური ზრდით იწონებს, თუმცა ამბობს, რომ ამ ზრდას პენსიონერები დიდად ვერ იგრძნობენ. მთავრობა პენსიის 20 ლარზე მეტად გაზრდას ვერ ახერხებს. მიზეზი ქვეყანაში ბევრი პენსიონერია.
პრემიერმა შეცვალა რიტორიკა ფასებზეც. სულ რამდენიმე თვის წინ ის მოქალაქეებს პროდუქტების გაიაფებას ჰპირდებოდა, თითქმის 6 თვის შემდეგ კი ის ისევ გეგმებზე საუბრობს. უფრო მეტიც, ამბობს, რომ ხანდახან ფასების ზრდა სასარგებლოა.
ქვეყანაში შემცირდება სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი. კობახიძე ამბობს, რომ ოჯახები ვინც ამ დრომდე შემწეობას იღებდნენ, გადასამოწმებელია. მთავარი კრიტერიუმი შემოსავალი იქნება.
ამ ფონზე კობახიძე ირწმუნება, რომ ქვეყანაში სიღარიბე მარცხდება. გეგმა 2029 წელს მისი სრულად აღმოფხვრაა. გვიმტკიცებს, რომ მალე საქართველო ევროპის ქვეყნებსაც გაუსწრებს.
პრემიერი საპარლამენტო ტრიბუნიდან ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ავტომატურად არ ნიშნავს ეკონომიკურ კეთილდღეობას. მას თუ დავუჯერებთ, ამ ორგანიზაციის მიღმა ყოფნით საქართველო წევრ სახელმწიფოებზე მეტად განვითარდა.
დღეს მას მოუწია განემარტა 28 ნოემბრის განცხადება. ის კი ისევ ცრუ დილემებს სახავს და ამბობს, რომ 2024 წელს ქვეყანა არჩევანის წინაშე დადგა - ევროინტეგრაცია თუ სუვერენიტეტი. არჩევანი კი თითქოს ამ უკანასკნელზე გაკეთდა.
პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო ტრიბუნიდან ამაყობს, რომ წარმატებული ინვესტიციის პროექტია. ქვეყანაში იერარქიულად პირველ პირს იმის ირიბი აღიარება უწევს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე არც პოლიტიკური კარიერა ექნებოდა და არც ამ ტრიბუნას დაიკავებდა მეთაურის როლში. ეს ამ დარბაზში ყველამ იცის.
ყველაფერი ივანიშვილის დამსახურებაა, თუმცა კობახიძე პასუხისმგებელია მხოლოდ გასულ ერთ წელზე. თქვა, რომ ამ ერთ წელში მთავრობამ ელიტური კორუფცია სრულად აღმოფხვრა. ასე აღიარებს პრემიერი ირიბად, რომ ოცნების მმართველობის პირობებში წლების განმავლობაში სისტემური კორუფცია არსებობდა.
საოკუპაციო ხაზთან ჩასულა, ოღონდ კამერების გარეშე. ამბობს, რომ ტერიტორიული მთლიანობის და მშვიდობის დაცვა ოცნების პრიორიტეტია და ხელი ამ პოლიტიკას გახარიამ შეუშალა.
კობახიძე ვერაფერს ამბობს, როდის აღადგენს ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამბობს, რომ განსაკუთრებულად იზრუნებს შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობისთვის. შტატებთან პარტნიორობისთვის კი ნაბიჯებს ვაშინგტონიდან ელოდება.