სად არის კალაძის პასუხისმგებლობა?
კახა კალაძემ პასუხისმგებლობა მოიხსნა - თუ დედაქალაქის მერის კომენტარს დავეყრდნობით, მისი პასუხისმგებლობა არ ყოფილა, თუ მერიის სკვერში, სარწეველა-საქანელა 14 წლის ბავშვს ქვეშ იყოლებს. უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაყვანილ მოზარდს დაზიანებები ჰქონდა თავის და ხერხემლის არეში. როგორ დაეცა მას კონსტრუქცია? მერი ამტკიცებს, რომ საქანელა მოზარდებმა მოარყიეს.
კახა კალაძეს შევახსენეთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. სპეციალისტების თქმით, რამდენიმე მეტრიანი რკინის კონსტრუქციები მუნიციპალურ სკვერებში წლებია ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის.
მაგალითად, 2020 წელს ვაკეში 6 წლის ბავშვი სწორედ სარწეველა-საქანელის ქვეშ მოჰყვა, შედეგად ფეხზე 5 მოტეხილობა ჰქონდა. რამდენიმე თვის წინ დიდუბეში, ბაქრაძის ქუჩაზე იგივენაირი საქანელა წაიქცა. ეს ფაქტები ადასტურებს, რომ კონსტრუქცია მყარად არ დგას.
5 წლის წინ კახა კალაძემ ლოტკინის დასახლებაში თავად გახსნა სკვერი, სადაც დაზიანებულ მოზარდზე დღეს აღარ სურს პასუხისმგებლობა აიღოს. ეს სივრცე ბიუჯეტს 681 ათასი ლარი დაუჯდა, ამ სკვერში ის კომპანია მუშაობდა, რომლის აშენებულ სტადიონზეც სოფელ ნიქოზში 2023 წელს ბავშვს დენმა დაარტყა. ამ გამოცდილების შემდეგ შეამოწმეს თუ არა სხვა სივრცეებში ჩატარებული სამუშაოები ? მკვლევარები პასუხებს ელიან.
თუ მერის ლოგიკას გავყვებით და ატრაქციონების ან საქანელების დაზიანება ვანდალიზმის შედეგია, ვის ევალება კონსტრუქციების აღდგება? სპეციალისტების განმარტებით, წესით უნდა არსებობდეს მონიტორინგის სისტემა, რომელიც სკვერებში მაინც შეამოწმებს უსაფრთხოებას და უკვე დაზიანებულ სარწეველა-საქანელასაც შეაკეთებს.
პირველების გადაღებული კადრები მოწმობს, თვითმხილველების ნაამბობს, რომ რკინის საქანელის კონსტრუქცია პირდაპირ ფილაქნის იყო დამაგრებული , ამიტომაც მარტივად მოწყდა. ოპოზიცია პასუხისმგებლობას კახა კალაძეს აკისრებს, რომელიც როგორც დედაქალაქის მერი, პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების საქმიანობაზეც.