გახარიას პარტია ძალადობაში მონაწილე " ოცნების" დეპუტატების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აყენებს

26.06.26 20:39
გახარიას პარტია ძალადობაში მონაწილე " ოცნების" დეპუტატების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აყენებს

 

 

პარტია "გახარია საქართველოსთვის"  ძალადობაში მონაწილე "ქართული ოცნების" დეპუტატების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აყენებს. 

პარტიის  აღმასრულებელმა მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ირაკლი კობახიძემ "მოძალადე პრემიერ-მინისტრად" დაიმკვიდრა თავი, ხოლო ოლიმპიური ჩემპიონები "ქართულმა ოცნებამ" "ქოც ზონდერებად" გადააქცია. 

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, "ოცნება" ცდილობს საზოგადოებას ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნას, თითქოს ფიზიკური დაპირისპირება ოპოზიციის მხრიდან დაიწყო, თუმცა მისი შეფასებით, ეს ტყუილია.

დღეს საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ ღირსებააყრილი, მატყუარა, არაკომპეტენტური პრემიერ-მინისტრის ანგარიში, რომელიც სიმართლეს ვერ უსწორებს თვალს და სიმართლესთან ბრძოლა გადაწყვიტა საკუთარი „ქოცური“ „ზონდერული“ დაჯგუფების საშუალებით. ამ ხნის განმავალობაში ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ ებრძვიან სიძულვილის ენას. მთელმა საზოგადოებამ იხილა, რომ ძალადობა გახდა „ოცნების“ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საფირმო ნიშანი, რომელიც ნოემბერ-დეკემბრიდან ფიზიკურად უსწორდება სტუდენტებს, ახალგაზრდებს, ქიმიურად წამლავს მათ.

სისტემური ძალადობა გახდა „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი. დღეს, ირაკლი კობახიძემ საბოლოოდ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერ - მინისტრად და ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას.

ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამაყობდით ოლიმპიური ჩემპიონებით, რომლებსაც უამრავი სიხარული მოუტანია ჩვენთვის, სამწუხაროდ, „ოცნებამ“ ოლიმპიური ჩემპიონები „ქოც ზონდერებად“ აქცია. ჩვენ ვნახეთ როგორი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ხდებოდა საქართველოს პარლამენტში. ძალადობის ფაქტებმა უკვე პარლამენტშიც შეაღწია. „ქართულ ოცნებას“ არავისთან არაფრის გადატვირთვის არც უნარები გააჩნია და არც კომპეტენცია. საკუთარ მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება. სიმართლეს ძალადობით უპირისპირდება. ნამდვილად არ აქვს რესურსი ამ ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებად იწოდებოდეს და მართავდეს ამ ქვეყანას. ფაქტი ერთია, რომ ეს ძალადობა აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, მათ შორის, ყველას პროფესიული და პერსონალური პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ იმ ფაქტებზე, რაც დღეს ხდებოდა საქართველოს პარლამენტში.

მადლობა ჩემ თანაგუნდელებს, რომლებიც იბრძოდნენ ღირსეულად, სიმართლით, სიტყვით საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისთვის, ოკუპაციის წინააღმდეგ ხმამაღალ სიტყვას ამბობდნენ პარლამენტში და დღეს ირაკლი კობახიძეს არაფერი არ ჰქონდა სალაპარაკო. ირაკლი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ამ ქვეყანაში გავრილოვი ჩამოიყვანა და სტიქიურ უბედურებად იქცა 2019 წლის 20 ივნისი. რომლის სახელსაც მიეწერება გავრილოვის ვიზიტი, ბაქოში დამალვა, სხვის მიერ გაკეთებული განცხადება მისი გადადგომის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თითქოს „ნაცების“ გასამართლებას ჰპირდებოდა საზოგადოებას, საკუთარი თანაგუნდელების დაჭერით დაიწყო მოღვაწეობა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გაანადგურა საკუთარი პარტია და საკუთარი პარტიის თავის ტკივილადაც იქცა. პრემიერი, რომლის სახელსაც უკავშირდება დანგრეული პარტნიორობა აშშ-თან. შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი, ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმი“, დარბეული ახალგაზრდობა, დემოკრატიის და თავისუფალი აზრის გამომხატველი კანონმდებლობის მიღება, რუსული კანონი და ა.შ. დღეს კი საბოლოოდ გაფორმდა ირაკლი კობახიძის მთავრობა მოძალადე მთავრობად.

ცდილობენ შემოსაღებას, თითქოს ჩვენმა გუნდმა განახორციელა თავდასხმა მათი გუნდის მისამართით, თითქოს გიგა ფარულავა ფიზიკურად გაუსწორდა 3 ოლიმპიურ ჩემპიონს“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:

  • არჩილ გორდულაძე,
  • ლაშა ტალახაძე,
  • ლევან მაჭავარიანი,
  • ირაკლი კირცხალია
  • ირაკლი ხელაძე

მსგავსი სიახლეები