"როცა ივანიშვილი ჩათვლის, რომ ვადა გაუვიდა კობახიძეს, ისიც აუცილებლად ციხეში აღმოჩნდება" - ირაკლი კუპრაძე
"როცა ივანიშვილი ჩათვლის, რომ ვადა გაუვიდა ირაკლი კობახიძეს, ისიც აუცილებლად ციხეში აღმოჩნდება" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა და საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრებს სოლიდარობა გამოუცხადა.
მისი თქმით პარლამენტში, დღეს, "უღირსობასთან გვქონდა საქმე".
ცალსახა სოლიდარობა ოპოზიციურ კოლეგა პარტიას. რა შეიძლება ვთქვათ - ვნახეთ არანაირი სიახლოვის მქონე, არც ქართველობასთან, არც ვაჟკაცობასთან, არც კაცობასთან, არც ადამიანობასთან ჩავლილი "ქართული ოცნება", მათ შორის მათი ადგილობრივი ე.წ. პარლამენტარებით, რომლებმაც ათი კაცით ერთად მოიქციეს, მათ შორის მანდატურები ვითომ იცავდნენ, ამ დროს შებოჭილი ჰყავდათ და არჩილ გორდულაძე პატარა ქოფაკი, პატარა ძაღლები რომ არიან ხოლმე ძალიან საყვარლები ჭიშკრის მიღმა რომ იყეფებიან და როგორც კი ჭიშკარს გაუღებ ეგრევე ჩუმდებიან. ამ კატეგორიის დანაშაულთან გვაქვს საქმე, ამ კატეგორიის უღირსობასთან გვაქვს საქმე. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ სრული სოლიდარობა ამ დროს არის ერთადერთი უალტერნატივო ნაბიჯი, რომელიც მიუხედავად იმისა ვთანხმდებით, ვერ ვთანხმდებით, განსხვავებული მოსაზრებები გაქვს, არ გაქვს, უნდა არსებობდეს ოპოზიციური პარტიების მიმართ.
მაშინ, როცა კობახიძეს არ აქვს პასუხი არც ეკონომიკაზე, არც ემიგრაციაზე, არც ჯანდაცვის კრიზისზე, არც განათლების კრიზისზე, არც კორუფციაში ჩაფლულ საკუთარ გუნდზე, რაზე შეიძლება მაშინ ლაპარაკი, მაშინ რჩება მუშტი-კრივი, აბა როგორმე სანახაობა შექმნან და საერთოდ საუბარი გადაიტანონ სხვაგან.
კობახიძე, რომელიც არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლების დაპირებით და ამ დროს დაიჭირა მთელი საკუთარი გუნდი. ბიძინა ივანიშვილს შეუსრულა პერსონალური დავალებები. კორუფციაში ჩაფლო თავადვე და დარწმუნებული ვარ, როცა ამის დრო მოვა და ივანიშვილი როცა ჩათვლის რომ ვადა გაუვიდა ირაკლი კობახიძეს, ისიც აუცილებლად ციხეში აღმოჩნდება," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
რა ვიცით პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე
პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:
- არჩილ გორდულაძე,
- ლაშა ტალახაძე,
- ლევან მაჭავარიანი,
- ირაკლი კირცხალია,
- ირაკლი ხელაძე.