გუშინ იმ (პარლამენტის) დარბაზიდან პოლიტიკურად “გალახული” და რეპუტაციაშერყეული მხოლოდ “ოცნება” გამოვიდა - ბერდია სიჭინავა
პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებიდან ერთი დღის შემდეგ ბერდია სიჭინავა გუშინდელ მოვლენებს აჯამებს. მისი შეფასებით, პარლამენტში მომხდარმა ძალადობამ „ქართული ოცნების“ განცხადებები სიძულვილის ენასა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გააბათილა.
სიჭინავა მიიჩნევს, რომ გუშინდელი მოვლენების მთავარი პოლიტიკური დაზარალებული ირაკლი კობახიძეა, ხოლო პროცესიდან პოლიტიკურად და რეპუტაციულად დაზიანებული მმართველი გუნდი გამოვიდა.
უკვე ცივი გონებით შეგვიძლია შევაფასოთ გუშინ მომხდარი ფაქტები და შედეგები, რომელიც ასე გამოიყურება:
“ოცნების” შექმნილი დეკორაცია, რომ თითქოს სიძულვილის ენას და ძალადობას ებრძვიან, სრულად და ბოლომდე ჩამოინგრა;
ძალადობა სისტემურია და უკვე “ოცნების” მოუშორებელ დამღად იქცა - პირდაპირ ეთერში ვხედავდით პარლამენტში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ წინასწარ ორგანიზებულ, ჯგუფურ თავდასხმასა და ძალადობას, რომელიც გენერალური პროკურორისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თვალწინ ხდებოდა - რატომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ
გორში მოქალაქის წამება, “ოცნებას” შეაწუხებდა და რეაგირებას მოახდენდა, რომ არა საჯაროდ გავრცელებული კადრები და საზოგადოების რეაქცია?!“ოცნება” განსხვავებულ აზრს ვერ იტანს და უპირისპირდება საკანონმდებლო რეპრესიებითა და ძალადობით ყველა სივრცეში - პარლამენტში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ღიად დაადასტურა, რომ მიზანი მხოლოდ ერთია - განსხვავებული აზრის დევნა და ჩახშობა - მათ შორის კონსტიტუციურ, პოლიტიკურ ორგანოში;
ანგარიშში აღწერილი ვირტუალური საქართველო რეალობად ვერ გასაღდა, რადგან კობახიძეს არ ჰქონდა პასუხები მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებსა და გამოწვევებზე, ოკუპაციაზე, ანექსიაზე, ძალადობაზე, რეპრესიებზე, დემოკრატიის უკუსვლაზე, ჩამონგრეულ საგარეო პოლიტიკაზე;
”ოცნება” იმდენად უსუსურია, რომ მართალ
სიტყვას ძალადობით უპირისპირდება. ეს სწორედ მაშინ ხდება, როცა არც სიმართლეა შენს მხარეს და არც ინტელექტუალური რესურსი დაგრჩა პარლამენტში - სიტყვას სიტყვით დაუპირისპირდე;“ოცნების” სისტემამ ოლიმპიურ ჩემპიონებს გაუნადგურა საზოგადოებრივი აღიარება, რეპუტაცია და წაართვა ხალხის საყოველთაო სიყვარული, რადგან ასეთი სისტემები ვერ იტანს ავტორიტეტებს და მის საოპერაციო მუშაობის მოდულთან უბრალოდ შეუთავსებელია. იმედი მაქვს, აცნობიერებენ, რა გააკეთებინეს საკუთარი თავის წინააღმდეგ. ჩემპიონებზე წუხს საქართველო, თორემ უსახური და უბიოგრაფიო დეპუტატები იმად დარჩებიან მთელი ცხოვრება, რასაც ახლა წარმოადგენენ.
გუშინდელი ამბის მთავარი პოლიტიკური დაზარალებული არის ირაკლი კობახიძე, რომელსაც საკუთარმა გუნდმა სპეციალურად მოუწყო ეს, თუ სიმართლის მოსმენისგან კონტროლდაკარგულმა საკუთარ თავს - თავად გაუკეთა, არ ვიცი.
გუშინ ძალადობაზე ხალისობდა “ოპოზიციონერი” რადიკალებისა და ცალკეულ ვითომ აქტივისტების ნაწილი, რომელთა ბრძოლა არის სრული ფარისევლობა, არა ღირებულებების, ფასეულობებისა და ადამიანის უფლებებისთვის, არამედ მხოლოდ
ძალაუფლებაში მოსასვლელად, რომ ძალადობაზე ექსკლუზივი გააჩნდეთ და იგივეს კეთების შესაძლებლობა. ამიტომ, არ აირჩევს ეს ქვეყანა და ქართველი ხალხი მათ არასოდეს.მოკლედ რომ შევაჯამოთ, გუშინ იმ დარბაზიდან პოლიტიკურად “გალახული” და რეპუტაციაშერყეული მხოლოდ “ოცნება” გამოვიდა, - წერს ბერდია სიჭინავა.
პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:
არჩილ გორდულაძე,
ლაშა ტალახაძე,
ლევან მაჭავარიანი,
ირაკლი კირცხალია
ირაკლი ხელაძე