ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - იურისტები საგამოძიებო ორგანოს რეაგირებისკენ მოუწოდებენ
პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ იურისტები აცხადებენ, რომ საგამოძიებო ორგანო ვალდებულია მომხდარზე გამოძიება დაიწყოს. მათი შეფასებით, პარლამენტარების იმუნიტეტი სისხლის სამართლის საქმის დაწყებას არ გამორიცხავს, ხოლო პასუხისმგებლობის საკითხი გამოძიების ფარგლებში უნდა გადაწყდეს
ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ პარლამენტში მომხდარ ძალადობაზე სამართალდამცავებს დაუყოვნებლივი რეაგირება და შესაძლო დამნაშავეების მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყება ევალებათ.
ეს არის მოძალადე, რეპრესიული რეჟიმი.მისი ე.წ. სამართალდამცავი სისტემა, პოლიცია და პროკურატურა რეაგირებს ხოლმე ისეთ საკითხებზე, რაზეც რეაგირება საჭირო არ არის ან არაადეკვატურად, გადაჭარბებით რეაგირებს. როდესაც საქმე ეხება იმ ძალადობას, თვითონ რეჟიმის მესვეურების ძალადობას, თანაც პარლამენტში ან თუნდაც ქუჩაში, მაშინ საერთოდ არ რეაგირებენ. წესით, ამათ ყველას უნდა მოეხსნათ იმუნიტეტი და დაიწყოს მათ მიმართ სისხლის სამართლის დევნა ძალადობის ფაქტზე ან შეიძლება კიდევ უარესზე, არ ვიცი, გააჩნია სხეულის რა დაზიანება მიიღეს იმ დეპუტატებმა, რომლებსაც თავს დაესხნენ.
დაზარალებულის ჩივილს არავითარი მნიშნელობა არ აქვს, ისინი ვალდებულები არიან, რომ დაიწყოს გამოძიება, დაიწყონ სისხლის სამართლებრივი დევნა, შევიდნენ პარლამენტში შუამდგომლობით ამ ადამიანებისთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე. ოღონდ, ამის მოლოდინი მე არ მაქვს, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.
თორნიკე მიგინეიშვილი კი განმარტავს, რომ დაზარალებულის ოფიციალური მიმართვა გამოძიების დასაწყებად აუცილებელი არ არის და პარლამენტარების იმუნიტეტი საგამოძიებო ორგანოს ფაქტზე გამოძიების დაწყებაში ხელს არ უშლის.
ცალკე მიმართვა კონკრეტული დაზარალებულის ან რომელიმე მოქალაქის ამისთვის საჭირო არ არის. თუ არსებობს ნება იმისა, რომ დაიწყოს გამოძიება და ის წარიმართოს ობიექტურად, სრულად და მიუკერძოებლად, ამის უფლება და მეტიც, ვალდებულება საგამოძიები ორგანოს აქვს. მათ იცავთ იმუნიტეტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შენ გაქვს უკანონობის განხორციელების უფლება. წესით, ნორმალურ და დემოკრატიულ ქვეყანაში უკვე უნდა მსჯელობდნენ სხვადასხვა პირის, მათ შორის ლაშა ტალახაძის, მათ შორის სხვადასხვა მაღალი თანამებობის პირების მიმართ იმუნიტეტის მოხსნაზე, თუმცა მნიშნელოვანია ასევე იმის განმარტება, რომ იმუნიტეტი არ ნიშნავს, რომ ამ ფაქტის მიმართ, ზოგადად, არ შეიძლება, გამოძიება დაიწყოს. საგამოძიებო ორგანომ უნდა დაიწყოს გამოძიება ფაქტთან მიმართებით. იქ, უშუალოდ რომელი პარლამენტარის პასუხისმგებლობა დადგება ან შეიძლება დადგეს, ეს არის ცალკე საკითხი, - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"პირველების" მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:
არჩილ გორდულაძე,
ლაშა ტალახაძე,
ლევან მაჭავარიანი,
ირაკლი კირცხალია
ირაკლი ხელაძე