პენიტენციურის უფროსი ირწმუნება, რომ ხოშტარიას ექიმთან შესახვედრად "ნებისმიერ დროს მზადაა" - რას პასუხობენ "დროაში"

27.06.26 15:54
პენიტენციურის უფროსი ირწმუნება, რომ ხოშტარიას ექიმთან შესახვედრად "ნებისმიერ დროს მზადაა" - რას პასუხობენ "დროაში"

 

 

პენიტენციურ სამსახურში ირწმუნებიან, რომ მზად არიან, ელენე ხოშტარიას მკურნალ ექიმთან შეხვედრა დღესვე გამართონ. ამის შესახებ უწყების შეფმა, გიორგი პატარიძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, მზაობა იმის, რომ აღნიშნული შეხვედრა დაჩქარებული წესით გამართულიყო, იმთავითვე გამოთქვა, თუმცა როგორც დირექტორი განმარტავს, შეხვედრა ვერ შედგა და ამის მიზეზი თავად ექიმის მოუცლელობა გახდა.

ექიმი გამოვიდა პენიტენციური დაწესებულებიდან და ვციტირებ მის სიტყვებს, რომ ამ შემთხვევაში, მსჯავრდებული ელენე ხოშტარიას და ამ შემთხვევაში, პაციენტი ელენე ხოშტარიასი, ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეაო, რომ პრაქტიკულად, წარმოუდგენელია მისი გასინჯვაო. რა თქმა უნდა, მივიღე გადაწყვეტილება მყისიერად და დავავალე შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომ მომხდარიყო კომუნიკაცია ქალბატონ მაკა იოსელიანთან. მას ჩვენ შევთავაზეთ შეხვედრა გუშინ დღის ნებისმიერ პერიოდში, თუმცა სამწუხაროდ და ჩემდა გასაოცრად, პასუხი მივიღე, რომ მას, უბრალოდ, არ ეცალა. როდესაც ექიმი გამოდის და ამბობს, რომ ადამიანი განიცდის საშინელ ტკივილებს და ამ დროს ბრიფინგებით ესაუბრები პენიტენციურ სამსახურს, მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ, ყველაფერს მოკლებულია. მზად ვარ, ნებისმიერ დროს შევხვდე მას. ამიტომ მინდა, ექიმს შევხვდე, გავცვალოთ პოზიციები. ჩვენც გვაქვს საკმაოდ საინტერესო ანალიზი როგორცც ლაბორატორიული ანალიზის პასუხები, ასევე სხვდასხვა დეტალები. ეს გვინდა ექიმთან გავიაროთ. საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მე მსჯავრდებული ელენა ხოშტარიასგან. ამას თავად მიხვდება. თუ ისევ ბრიფინგებით ვისაუბრებთ და არ გადავალთ კონკრეტულ საქმეზედა კონკრეტული პროცესების მართვაზე, მაშინ მე იძულებული ვიქნები, სხვა ნაბიჯები გადავდგა, - ამბობს პატარიძე. 

პენიტენციური სამსახურის განცხადებებს სიცრუეს უწოდებს „დროას“ წარმომადგენელი გიგა ლემონჯავა. მისი თქმით, უწყებას ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა დღესვე შეუძლია, თუმცა პროცესი უკვე ექვს თვეზე მეტია ჭიანურდება. 

ტყუის პენიტენიციური სამსახური როდესაც ამბობს, რომ თითქო ექიმი აჭიანურებს ამ ყველაფერს. სინამდვილე არის ერთი: რომ ოფიციალურ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, შაბათ დღეს, ისინი ეცადნენ არაოფიციალური გზით ექიმთან შეხვედრას, რაც არის კითხვის ნიშნების მატარებელი, რა იყო ამ შეხვედრის მიზანი და ამოცანა. პენიტენციურ სამსახურს შეუძლია, ამ წამსვე, დღესვე გადაიყვანოს ელენე ხოშტარია მულტიფუნქციურ კლინიკაში, მაღალეტექნოლოგიურ სამოქალაქო კლინიკაში. ეს თუ მათი სურვილია, თუ უნდათ, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა, 6 თვე კი არ გაჭიმავდნენ პროცესს და ამ დღეში კი არ ჩააგდებდნენ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას, უკვე გადაყვანილი იქნებოდა. ელენე ხოშტარია არა ერთი, ორი, სამი, არამედ 6 თვეზე მტია მოკლებულია პენიტენციური სამსახურის მხრიდან ადეკვატურ სამედიცინო მკურნალობას, რაც მეტყველებს პენიტენციური სამსახურის დამოკიდებულებაზე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ.

ქალბატონი მაკა შესაბამის დასკვნას წარუდგენს შესაბამის სამსახურს, რომელიც ჩემი ინფორმაციით, იქნება ერთვგარი გზამკვლევი, როგორ უნდა იმართოსს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობა, - ამბობს ლემონჯავა. 

შეგახსენებთ, პარტია „დროამ“ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება და მისი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივი გადაყვანაა საჭირო. პარტიის განცხადებით, რევმატოლოგის შეფასებით, დაავადება პროგრესირებს, ხოლო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი კვლევებისა და მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია.

მსგავსი სიახლეები