რუსული სათვალთვალო ტექნოლოგიები საქართველოში - ოპოზიცია "ოცნებას" აკრიტიკებს
გერმანული ორგანიზაცია AlgorithmWatch-ის გამოძიებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლება 2013 წლიდან მოსკოვში დაფუძნებული, ФСБ-სთან კავშირში მყოფ კომპანიისგან სახის ამომცნობი კამერები შეიძინა, ოპოზიცია მწვავე შეფასებებით ეხმაურება. "ოცნების" ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ხელისუფლებას რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ.
გამოძიების შედეგებს ხელისუფლების რუსეთის უსაფრთხოების სისტემებთან კავშირის კიდევ ერთ მტკიცებულებად აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი გრიგოლ გეგელია.
ეს არის კიდევ ერთი ძალიან თვალაჩინო დასტური იმისა, რომ საქართველო ყველა იბრტყეზე, ყველა კუთით არის მიერთებული რუსეთის ფაშისტური ფედერაციის სხვადასხვა სისტემებთან, მათ შორის უსაფრთხოების სისტემასთან და ის, რომ "ქართული ოცნება" ასეთ კონტრაქტორებს და ასეთ კომპანიებს იყენებს, რასაკვრიველია, ხაზს უსვამს კიდევ ერთხელ და სრულიად მკაფიოდ იმას, რომ "ქართული ოცნება" არის თხემით ტერფამდე რუსული წარმოანქამნი, რომელმაც რუსეთს გადასცა საქართველო ყველა ასპექტში ყოველგვარი გასროლის და ოკუპაციის გარეშე. დღეს საქართველო არის მიერთებული რუსეთის ფაშისტურ ფედერაციას და ეს არის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ აღარც არაფერი პრივატული და აღარც არაფერი უსაფრთხო არცერთ ქართველს არ გაგვაჩნია ასეთი სისტემების არსებობის პირობებში, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
ხელისუფლების რუსეთზე დამოკიდებულებასა და შესაძლო უსაფრთხოების რისკებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი.
საქმე იმაშია, რომ "ოცნების" ხელისუფლებას, ამ დეფაქტო მთავრობას, აქვს ორმაგი ვალდებულება რუსეთთან, კონკრეტულად კრემლთან და ნარიშკინი კურირებს მათ მოქმედებას. ეს არის ეკონომიკურ, კომერციული მიმართულებით ვალდებულებები, რადგან რუსეთი სანქცირებულია, უჭირს, ომშია ჩართული მეხუთე წელია. ესენი აფინანსებენ, ერთგვარ ეკონომიკუ დახმარებას უწევენ რუსეთის ფედერაციას და მეორეს მხრივ, უსაფრთხოების თვალსაზრისით ვალდებულებები, იმიტომ, რომ უნდა დაუმტკიცონ თავის უფროსებს, თავის პატრონებს, რომ მათგან დასამალი არაფერი აქვთ, უფრო მეტიც, თანამშრომობენ და ჩვენს ყველანაირ მონაცემს, რაც კი საქართველოში იკრიბება, გადასცემენ რუსეთის ფედერაციას, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
გერმანული ორგანიზაცია AlgorithmWatch გამოძიებაში წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება 2013 წლიდან იყენებს მოსკოვში დაფუძნებული კომპანიის სახის ამომცნობ ტექნოლოგიას, რომელსაც, მათი მტკიცებით, კავშირები აქვს რუსეთის ФСБ-სთან. ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველომ ამავე კომპანიისგან დამატებითი სათვალთვალო სისტემებიც შეიძინა, ხოლო 2018 წელს რუსმა ინჟინრებმა შსს-ს თანამშრომლებს ამ ტექნოლოგიის გამოყენებაში ტრენინგები ჩაუტარეს. ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ რუსეთის კანონმდებლობის გამო ამ მონაცემებზე წვდომის რისკი შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურებსაც ჰქონდეთ.