სააკაშვილი ჰყვება, როდის გაიყო გვარამიასა და მისი გზები
იმის თქმა, რომ თითქოს ნაციონალებიც აწარმოებდნენ მოლაპარაკებას გილაურთანო, იგივეა, ვინმემ თავისი მსუბუქი ყოფაქცევის გასამართლებლად სხვას უთხრას - შენ თვითონ „ასეთოო”, - ასე პასუხობს გადაცემა “რეაქციისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას ბრალდებას, სადაც მან თქვა, რომ “სწორედ გილაური იყო მისი პრემიერ-მინისტრი და „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა მოლაპარაკება გილაურთანო“.
სააკაშვილის თქმით, სწორედ გილაურმა გადაიხადა 30 მილიონი დოლარი იმაში, რომ “მთავარს“ ნაციონალური მოძრაობის სიახლეები არ გაეშუქებინა.
ექსპრეზიდენტი ტელეკომპანია “მთავრის“ დაფუძნებასაც იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ მის სახლში, კიევში მოხდა ეს ყველაფერი და დედამისმა ბაბუამისის დანატოვარი მიწის ნაკვეთი გაყიდა, რათა ტელევიზიისთვის მიეცა.
2024 წლის არჩევნების დროს ტელევიზია მთლიანად ჩაგვიკეტეს, აღარ აშუქებდნენ ჩემს ჩართვებს “სასამართლოში”- ამბობს სააკაშვილი.
2023-ში გილაური გამოჩნდა სწორედ მაშინ, როცა მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ერთიან სიაზე სხვა პარტიებთან. მისი პირობა იყო - არანაირი ერთიანი სია. გავდივართ ცალკე! ასევე, ტელევიზია „მთავარი“ აღარ აშუქებს ნაციონალებს. ამ საქმეში გილაურებმა 30 მილიონი დოლარი ჩადეს. ნუ, ოფიციალურად დარეგისტრირდა მხოლოდ 40 მილიონი ლარი! რომ შევადაროთ გილაურების დაფუძნებულ „ცვლილებების კოალიციას“ არჩევნებში 30-ჯერ მეტი ფული ჰქონდა, ვიდრე ნაცმოძრაობას თავისი ციხეში მჯდომი ლიდერით. საერთოდ, ჩემი მოწამვლის და დროებით მძიმე მდგომარეობის გამოყენება ჩემი პარტიის ხმებზე ნადირობისთვის არის კლასიკური პოლიტიკური მონადირეობა. ახლა ვინმეს შეუძლია დაიჯეროს ერთი წუთით მაინც, რომ ეს ივანიშვილის პირდაპირი დავალების გარეშე მოხდა? ხოდა, იმის თქმა, რომ თითქოს ნაციონალებიც აწარმოებდნენ მოლაპარაკებას გილაურთანო, იგივეა, ვინმემ თავისი მსუბუქი ყოფაქცევის გასამართლებლად სხვას უთხრას შენ თვითონ „ასეთოო”.
გარდა იმისა, რომ სრული ტყუილია, გამამართლებლად არ ვარგა არანაირად.
რაც შეეხება ტელევიზია „მთავარს”. მისი დაფუძნება გადაწყდა ჩემთან სახლში, კიევში. სადაც მოხდა შეთანხმება ჩემი უშუალო ჩართულობით და შუამავლობით. მევე ვუპოვე ინვესტორები, რომლებიც მთლიანად აფინანსებდნენ ტელევიზიას წლების განმავლობაში. მეტსაც გეტყვით, ციხეში რომ მოვხვდი, დედაჩემმა ბაბუაჩემ გივის დატოვებული მიწის ნაკვეთი გაყიდა და ფულის ნახევარი მისცა „მთავარს” და ეს იყო ოჯახის ბოლო ფული! ხოდა, 2024 წლის არჩევნების დროს ტელევიზია მთლიანად ჩაგვიკეტეს. მათ შორის აღარ აშუქებდნენ ჩემს ჩართვებს „სასამართლოში”. ამას პოლიტიკა კი არა სრული ამორალობა ჰქვია! , - ამბობს სააკაშვილი.