ლევან მაჭავარიანი: ჯო უილსონი არასერიოზული ადამიანია

03.07.26 14:13
ლევან მაჭავარიანი: ჯო უილსონი არასერიოზული ადამიანია

 

 

არ მაინტერესებს ჯო უილსონი რას ამბობს - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი, ლევან მაჭავარიანი ამერიკელი კონგრესმენის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ირანში "მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან".

მაჭავარიანის თქმით, იმაში გასაკვირი არაფერია, რომ მიხეილ ყაველაშვილი თეირანში ჩავიდა - "ბატონი ყაველაშვილი ჩადის, ისევე როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერები, მათ შორის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის". 

ივანიშვილის გუნდის ლიდერი დღეს ასევე ირწმუნებოდა, რომ  ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობა პრიორიტეტულია და “ქართული ოცნების” მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები იდგმება.

“ნამდვილად არ მაინტერესებს ჯო უილსონი რას ამბობ. ის ძალიან არასერიოზული ადამიანია, რომელიც ფულს აკეთებს ლობიზმით. სხვათა შორის, ინაუგურაციის დროს ბილეთებით და დროშებით ვაჭრობდა. ამდენად მდაბიო და არასერიოზულ ადამიანზე გვაქვს საუბარი.

რაც შეეხება ირანს - რა თქმა უნდა, ფართო რეგიონში ირანი ჩვენი მეზობელია. ბატონი ყაველაშვილი ჩადის, ისევე როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერები, მათ შორის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის. ამაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ლოგიკურია.

რაც შეეხება აშშ-სთან ჩვენ ურთიერთობას - რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის პრიორიტეტული და კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ჩვენი მხრიდან. აშშ-მ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მათ იციან, რომ ჩვენ მზად ვართ, გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც გაწერილი იქნება ორივე მხარის ინტერესები,” - განაცხადა მაჭავარიანმა.

მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო ცერემონიაზე დასასწრებად ირანში ჩავიდა - პირველ კადრებს აეროპორტიდან ირანული მედია ავრცელებს. 

  • მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადება და კადრები ჯერ არ გაუვრცელებია.

ასევე ნახეთ გამოხმაურება ამერიკიდან: