ALDE-ს რეზოლუცია ღიად ამბობს, რომ ამ რეჟიმის პირობებში საქართველო უფსკრულში გადაჩეხვის პირასაა მისული - გეგელია
ALDE-ს რეზოლუცია ღიად ამბობს, რომ ამ რეჟიმის პირობებში საქართველო უფსკრულში გადაჩეხვის პირასაა მისული, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია საუბრობს. პოლიტიკოსის თქმით, ევროპული პოლიტიკური ოჯახი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხი ევროპულ გზას, კეთილდღეობასა და უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას იმსახურებს, თუმცა მოქმედი ხელისუფლების პირობებში ეს მიზნები ვერ განხორციელდება.
ევროპის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ოჯახი, რომელშიც არის ევროპის მოწინავე ქვეყნების არაერთი მმართველი გუნდი, ღიად ამბობს, რომ ამ რეჟიმის პირობებში საქართველო არის უფსკრულში გადაჩეხვის პირას მისული. ეს რეზოლუცია ღიად ამბობს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს საუკეთესოს, იმსახურებს ევროპულ გზას, იმსახურებს უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას, იმსახურებს მშვიდობას, კეთილდღეობას და ყველაფერ იმას, რასაც გვანიჭებს ეროპასთან მეტი სიახლოვე, მაგრამ ამ რეჟიმის პირობებში ეს იდეალები ვერ იქნება განხორციელებული და შესაბამისად, მე ვფიქრობ, მკაფიო სულისკვეთება, რაც არის ამ დოკუმენტში გათვალისწინებული არის ის, რომ ქართველი ხალხი არის სწორ გზაზე, მაგრამ რეჟიმი არის არასწორ გზაზე და ან ერთი, ან მეორე იქნება გამარჯვებული. ორივე ერტად ვერ იქნება გამარჯვებული ევროპულ გზაზე, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
ALDE-ის რეზოლუციის პროექტში საქართველოში არსებულ ვითარებაზე მკაცრი შეფასებაა გაკეთებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანა „რუსეთისკენ მიმავალი გზითა“ და ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებისკენ მიდის.
პროექტი ევროკავშირს მოუწოდებს, „ივანიშვილის რეჟიმის“ მიმართ ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბოს და დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების, ასევე მათი მხარდამჭერი ქსელების წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესოს.
ამასთან, რეზოლუციის პროექტი მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას და აღნიშნავს ქართველი ხალხის ურყევ სწრაფვას ევროკავშირის წევრობისკენ.