ირანი აიათოლას დაკრძალვაზე ჩასულებს მადლობას უხდის და აშშ-ს გასამართლებით ემუქრება
ირანი მადლობას უხდის აიათოლას დაკრძალვაზე ჩასულ უცხოელ პოლიტიკოსებს და აშშ-ს პასუხისმგებლობით ემუქრება. ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის საელჩო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
განცხადებაში თეირანი იმ უცხოელ პოლიტიკოსებს აქებს, რომლებიც ზეწოლის მიუხედავად, აიათოლას დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდნენ. ირანის ხელისუფლების შეფასებით, მათი მონაწილეობა „სიმართლისა და ღირსებისადმი პატივისცემას“ გამოხატავს.
„ვინც ახლა თეირანშია, პატივს მიაგებს სიმართლეს, ღირსებას და დგას ისტორიის სწორ მხარეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამავე ტექსტში ირანი აშშ-ს მუქარის შემცველი გზავნილით მიმართავს და აცხადებს, რომ ვაშინგტონი თავისი ქმედებებისთვის „გასამართლდება“.
მოწყალე და მწყალობელი ალაჰის სახელით
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
მოწამე ლიდერის, მისი უწმინდესობის აიათოლა სეიედ ალი ხამენეის (ნათელი მის ხსოვნას) გამოსამშვიდობებელ ცერემონიასთან დაკავშირებით
2026 წლის 4 ივლისი
ირანის დიდი და მადლიერი ერი გლოვობს თავისი ბრძენი იმამისა და ლიდერის, მისი უწმინდესობის, აიათოლა სეიედ ალი ხამენეის (ნათელი მის ხსოვნას) გარდაცვალებას. ეს ისტორიული გამომშვიდობება კიდევ ერთხელ ადასტურებს ხალხის ერთგულებას მისი უზენაესი ლიდერის იდეალებისადმი და ისლამური ირანის დამოუკიდებლობის, ღირსებისა და ძლიერების უნიკალური მონაპოვრების დაცვის შესაძლებლობად აქცევს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ უსამძიმრებს რევოლუციის ლიდერის მოწამეობრივ დაღუპვას მის ღირსეულ მემკვიდრეს, მის უწმინდესობას აიათოლა სეიედ მოჯთაბა ჰოსეინი ხამენეის (ღმერთმა დაიფაროს იგი), ირანის დიდ ერს, უმაღლეს რელიგიურ ავტორიტეტებსა და ისლამურ მეცნიერებს, ისლამურ უმმას(საზოგადოებას), ასევე მთელ მსოფლიოში მცხოვრებ თავისუფლებისა და ჭეშმარიტების მაძიებელ ადამიანებს. სამინისტრო ირანის ღირსეულ და თავისუფლებისმოყვარე ხალხს მოუწოდებს, მრავალმილიონიანი მონაწილეობით მოწამე ლიდერის გამოსამშვიდობებელ და დაკრძალვის ცერემონიაში კიდევ ერთხელ აჩვენონ მსოფლიოს ირანის სიდიადე, ეროვნული ერთიანობის ბრწყინვალება და ქვეყნის ძლიერება.
ისლამური რევოლუციის მოწამე ლიდერმა, როგორც ქვეყნის შიდა მმართველობაში, ისე საგარეო პოლიტიკაში, ჭეშმარიტად წარმართა ძვირფასი ირანი წმინდა ყურანის აიათის გზით: „მალე ალლაჰი მოიყვანს ხალხს, რომელიც უყვარს მას და რომელსაც უყვარს იგი; მორწმუნეთა მიმართ თავმდაბლებს, ურწმუნოთა მიმართ კი მტკიცეებს; ისინი იბრძვიან ალლაჰის გზაზე და არ ეშინიათ არც ერთი დამძრახველის გაკიცხვის. ეს ალლაჰის წყალობაა, რომელსაც იგი ანიჭებს მას ვისაც ინებებს, და ალლაჰი ყოვლისმომცველი და ყოვლისმცოდნეა.“ ამ ნათელ გზაზე მან საკუთარი სიცოცხლე და თავისი ოჯახიც შესწირა.
ისლამური რევოლუციის მოწამე ლიდერის სიმტკიცე და ურყევობა ჭეშმარიტების, სამართლიანობისა და ადამიანურობის გზაზე არა მხოლოდ ისლამური ირანის ღირსებისა და ძლიერების გარანტიაა, არამედ შთაგონების წყაროც არის მსოფლიოს ხალხებისა და თავისუფლებისმოყვარე ადამიანებისთვის. რეგიონში არსებული ავთენტური რელიგიური და ეროვნული მიმდინარეობების წარმომადგენელთა, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალი დონის დელეგაციების მონაწილეობა გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში ნათლად მეტყველებს როგორც მოწამე ლიდერის, ისე ირანის ღირსეული ერის სიდიადესა და ღირსებაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლიერებას გამოხატავს ყველა უცხოელი სტუმრის მიმართ, რომლებმაც, მიუხედავად ზეწოლისა და მუქარისა, მონაწილეობა მიიღეს ჩვენი მოწამე ლიდერის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში, ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ და პატივი მიაგეს სიმართლესა და ჭეშმარიტებას.
ჩვენი დიდი ლიდერის მოწამეობრივი სიკვდილი გზის დასასრული კი არა, არამედ ისლამისა და ძვირფასი ირანის აღორძინების გზაზე ახალი ეტაპის დასაწყისია. ირანის თავისუფლებისმოყვარე ერი, ყოვლისშემძლე ღმერთზე მინდობით, თავისი ეროვნული და ისლამური მემკვიდრეობის იმედად და რევოლუციის უზენაესი ლიდერის ბრძნული ხელმძღვანელობის ქვეშ, მთელი არსებით დაიცავს მოწამე ლიდერის სახელსა და გზას და მთელი ძალით გააგრძელებს მის ღირსეულ და საამაყო გზას. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მსახურებიც ყოველთვის თავიანთი საქმიანობის მთავარ პრინციპად მიიჩნევენ მის ნათელ რეკომენდაციებს სამშობლოს ღირსების, დამოუკიდებლობისა და ძლიერების დაცვისა და მტრების მზაკვრობის მიმართ მუდმივი სიფხიზლის შესახებ.
ეჭვგარეშეა, რომ ირანის მამაცი და მომთმენი ერი, ისლამური უმმა(საზოგადოება) და ყველა თავისუფლებისა და ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანი, ამერიკელ-სიონისტი დამნაშავეების მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის მოთხოვნას მუდმივ მოთხოვნად შეინარჩუნებენ და მის განხორციელებას მტკიცედ გააგრძელებენ.
მეგობრის კალთას ჩაეჭიდე და მტერს გაემიჯნე;
ღვთის კაცი გახდი და ბოროტთა გზას გაერიდე.
განთიადისას ნიავს ტიტების ბაღში ვეუბნებოდი:
ვისი მოწამეები არიან ეს სისხლით მოსვრილი სამოსით შემოსილნი?, - ნათქვამია განცხადებაში.