ხურვალეთში ოკუპანტებმა ახალი საგუშაგო გახსნეს

01.03.21 10:35
ხურვალეთში ოკუპანტებმა ახალი საგუშაგო გახსნეს

ხურვალეთში რუსმა ოკუპანტებმა  ახალი მობილური საგუშაგო განათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა ავრცელებს. ქაცარავას თქმით, ოკუპანტების მხრიდან მსგავსი ქმედება მხოლოდ ხურვალეთის მცხოვრებლების ფსიქოლოგიურ ტერორს ემსახურება. ქაცარავა  საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტების მიმართ შემწყნარებლური პოლიტიკის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ყველა მსგავს ფაქტს აფიქსირებს და საერთაშორისო საზოგადოებას მიაწვდის.  

გუშინ ხურვალეთში ჩვენ დავაფიქსირეთ ახალი მობილური საგუშაგო, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთის თავზე,  სასაფლაოს მიმდებარე ტერიროტიაზე განათავსეს. იქ შეინიშნებოდა გარკვეული ტიპის მოძრაობები. ჩვენ ამის დამადასტურებელი ფოტომასალა გავავრცელეთ, თუმცა დღეს ვაპირებთ, რომ ჩავიდეთ აუცილებლად ხურვალეთში და უფრო მკაფიოდ დავაფიქსიროთ ის მოქმედება, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს. ეს ხდება ზუსტად იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ხელისუფლება კვლავ არ გაღიზიანების პოლიტიკას აწარმოებს რუსულ ოკუპანტებთან მიმართებაში. ჩვენ რუსების ამ მოქმედებას განვიხილავთ როგორც მოსახლეობის ფსიქოლოგიურ დატერორებას, ვინაიდან ამ საგუშაგოს, რომელიც გუშინ დავაფიქსირეთ ფაქტობრივად არანაირი ფუნქციური დატვირთვა არ აქვს. მოგეხსენაბათ, რომ ხურვალეთი ფაქტობრივად სამ მხრიდან არის მოქცეული საოკუპაციო ხაზებში. ასე, რომ, ყოველი ასეთი ქმედება რუსი ოკუპანტების მიერ საჭიროებს მყისიერ და ძალიან მკაცრ რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ამას, ბუნებრივია, ვერ ვხედავთ და ამიტომ საზოგადოება ვაქტიურებთ და ამ ყველა ფაქტს ვაფიქსირებთ  და ვაწვდით საერთაშორისო საზოგადოებას.