„ისტორია შეაფასებს ყველას - მოსარჩელესაც, მოპასუხესაც და სასამართლოსაც“ - ბერდია სიჭინავას მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ მოსამართლეებს მოუწოდა, არ დააკმაყოფილონ სარჩელი, რომელიც პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ითვალისწინებს.
სიჭინავას შეფასებით, ხელისუფლება თავდაცვითი დემოკრატიის კონცეფციას ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ იყენებს, თავად სარჩელი კი მოუმზადებელი, არარელევანტური და მტკიცებულებებით დაუსაბუთებელია.
„ამ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელსაც წაიკითხავს ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი უკვე მიხვდება, როგორ შეიძლება აი ამ სარჩელით, რომელიც მე ვთვლი, რომ სრულიად არარელევანტური, მოუმზადებელი და მტკიცებულებებზე არ დაფუძნებულია, ითხოვს ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, რაც ჩვენი შეფასებით, არა თავდაცვითი დემოკრატიის კონცეფციის ნაწილია, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს ჩაერიოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებაში, რათა კონსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში დაამყაროს, არამედ ეს არის, ხელისუფლების მხრიდან თავდაცვითი დემოკრატიის კონცერტის ბოროტად გამოყენება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გასანადგურებლად.
ამიტომ ბატონო მოსამართლეებო, პლენუმის წევრებო ეს ნამდვილად ისტორიული პროცესია, ამას თქვენ თავადაც ასაბუთებთ, რადგან მსგავსი პრეცედენტი, მას შემდეგ რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეიქმნა, ასეთი საკითხი ზეპირი მოსმენით არ განხილულა, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ ისტორია შეაფასებს ყველას; მოსარჩელესაც, მოპასუხესაც და სასამართლოსაც. მინდა გთხოვოთ, იდგეთ ისტორიის, დემოკრატიის და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულების მხარეს. გთხოვთ, ის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ითხოვს განსხვავებული აზრის, ჩვენი პოლიტიკური პარტიის, არაკონსტიტუციურად შეფასებასა და აკრძალვას არ დააკმაყოფილოთ“, - განაცხადა სიჭინავამ.
სიჭინავას გამოსვლას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თავმჯდომარე რევაზ ნადარაია გამოეხმაურა. მისი განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სხდომის გადადების შუამდგომლობაზე უარი ეთქვა, მართებული იყო და მხარის უფლებები არ დარღვეულა. ნადარაიამ ყურადღება სიჭინავას სასამართლო პროცესისთვის მომზადებაზეც გაამახვილა.
„მინდა აღვნიშნო და ამას არ ვამბობ იმ მიმართებით, რომ ბატონი ბერდიას ახსნა-განმარტებიდან რას გაითვალისწინებს სასამართლო, ეს სხვა საკითხია არ ვიცი, მაგრამ პლენუმის გადაწყვეტილება, რომლითაც არ იქნა დაკმაყოფილებული პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, იყო მართებული და მხარის უფლებები ამით არ დარღვეულა, რამეთუ ძალიან მომზადებული წარდექით სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა ნადარაიამ.