ეუთოს ანგარიშს საბოლოო ჭეშმარიტებად ვერ მივიჩნევთ - ნიკოლოზ სამხარაძე
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა მოსკოვის მექანიზმის ანგარიში გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დოკუმენტი, რომელიც ერთი ექსპერტის მიერ 72 საათში მომზადდა, ფაქტობრივ უზუსტობებსა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს შეიცავს. მისი თქმით, თავად ანგარიშის ავტორმაც აღიარა, რომ ყველა დასკვნისთვის საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება ვერ შეძლო.
მომხსენებლის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ანგარიშთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ეუთო-ს მუდმივმოქმედ საბჭოსაც წარუდგინა. მისი თქმით, ხელისუფლება დოკუმენტში მოცემულ ცალკეულ რეკომენდაციებს ეთანხმება და მათი ნაწილი უკვე შესრულებულია, თუმცა ანგარიშს „საბოლოო ჭეშმარიტებად“ ვერ მიიჩნევს.
ანგარიში, რომელიც მომზადდა ერთი კონკრეტული ექსპერტის მიერ 72 საათში, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ უზუსტობას და ასევე ბრალდებებს. თავად ექსპერტმაც კი აღიარა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო, რათა ჰქონოდა მტკიცებულებები ყველა ბრალდებაზე. აქედან გამომდინარე, როდესაც ანგარიში განიხილებოდა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე, საქართველოს მთავრობამ ასევე წარადგინა თავისი პოზიცია ამ ანგარიშის მიმართ. ამიტომ, ჩვენ ვერ მივიჩნევთ ამ ანგარიშს საბოლოო ჭეშმარიტებად, რადგან, როგორც აღვნიშნე, თავად ექსპერტმა აღიარა, რომ მან ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება ანგარიშისთვის. რა თქმა უნდა, არის გარკვეული რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენ ვეთანხმებით და ამ რეკომენდაციებიდან ზოგიერთი უკვე შესრულებულია კიდეც, მაგრამ კვლავ მსურს ხაზი გავუსვა, რომ ამ ანგარიშს აქვს გარკვეული, გარკვეული ხარვეზები, როდესაც საქმე ეხება ფაქტობრივ უზუსტობებს, - თქვა სამხარაძემ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 8 ივლისს საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის დასამტკიცებლად ემზადება - ამის შესახებ ინფორმაციას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა განთავსებული.
რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.
დოკუმენტში საუბარია ქვეყანაში დემოკრატიის უკანდახევის და ანტიდასავლური კურსის შესახებ.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა: შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები;
დოკუმენტი გმობს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, ასევე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს;