„კომპრომისები და ვაჭრობა დამთავრდა!“ - მწვავე გზავნილები ევროპიდან „ქართულ ოცნებას“

05.07.26 20:23
„კომპრომისები და ვაჭრობა დამთავრდა!“ - მწვავე გზავნილები ევროპიდან „ქართულ ოცნებას“

„ქართული ოცნების“ დასანქცირებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების მოწოდებით მომზადებული რეზოლუცია ALDE-ის ყრილობამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

ევროპული პოლიტიკური ალიანსის წევრები დოკუმენტით ევროკავშირს მოუწოდებენ, მკაფიოდ გამიჯნოს საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს მოქალაქეები. რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს პერსონალური სანქციების დაწესებას იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

დოკუმენტში საუბარია საქართველოში დემოკრატიული გარემოს გაუარესებასა და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების მცდელობებზე. რეზოლუციის ავტორების შეფასებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველო სამხრეთ კავკასიაში რუსეთისთვის მნიშვნელოვან საყრდენად იქცა.

ALDE-ის რეზოლუციაში ნახსენები არიან პოლიტიკური პატიმრებიც, მათ შორის „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. ალიანსი ევროკავშირს მოუწოდებს, გააძლიეროს ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“, რათა ქვეყანაში შეწყდეს მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა.

„კომპრომისები არ იქნება, თქვენ ბაზარში არ ხართ, რომ ივაჭროთ“ — ამ გზავნილით მიმართა გუშინ, ვენიდან, საქართველოს ხელისუფლებას საგარეო საქმეთა მინისტრმა. დიპლომატის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ უნდა გააცნობიერონ, რომ პარტნიორების შეურაცხყოფასა და მათთვის ბრალდებების წაყენებას შედეგი არ ექნება.

მისი თქმით, მთავარია კონკრეტული ნაბიჯები, რომლითაც ხელისუფლება აჩვენებს, რომ მისი პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების ნებას ემთხვევა და ქვეყნის ევროპასთან დაახლოებას ემსახურება.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.