კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, დაშავებულია 46 ადამიანი
კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, დაშავებულია 46 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დაზიანდა და განადგურდა სულ მცირე 15 საცხოვრებელი შენობა.
დარტყმებისა და ჩამოვარდნილი ნამსხვრევების ეპიცენტრი კიევის დარნიცკის და პოდოლსკის რაიონები იყო.
დაზიანება ასევე დაფიქსირდა ჰოლოსიევსკის და ობოლონსკის რაიონებში.
დარნიცკის რაიონში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 25-სართულიანი შენობის მეორედან მეხუთე სართულამდე მდებარე ბინები განადგურდა. რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაიწვა სხვა კომპლექსის 30-სართულიან შენობაში მდებარე ბინებიც.
პოდოლსკის რაიონში ცხრასართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის ადგილზე სამუშაოები გრძელდება. მაშველები გადარჩენილებს ეძებენ.