გახარია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩავიდა - ჰააგაში არიან "ოცნების" წევრებიც
"გახარია-საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩავიდა.
ცნობილია, რომ ასამბლეაზე, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე მსჯელობენ იმყოფებიან "ქართული ოცნების" წევრები.
ექს-პრემიერის ჰააგაში ყოფნას და მაღალი რანგის შეხვედრებში მონაწილეობას ადასტურებს "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური.
როგორც მან "პირველებს" განუცხადა, შეხვედრა უკვე გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობასთან. ასევე, გახარიას თანაგუნდელის თქმით, ყოფილ პრემიერს დაგეგმილი აქვს შეხვედრები იმ სახელმწიფოების დელეგაციების ხელმძღვანელებთან, რომლებიც საქართველოს მეგობრები და პარტნიორები არიან.
დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფალი, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლები ფაქტობრივად აღარც ელაპარაკებიან. აქაც, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ჩვენ ვნახეთ "ოცნების" ელეგაციის წარმომადგენლების გამოსვლები, სადაც ისინი წუწუნებენ და ტყუილებს ტირაჟირებენ"- აცხადებს ანა ბუჩუკური.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" წევრების შეფასებას, ივანიშვილის დაფუძნებული პარტიის წევრები ექს-პრემიერზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ გახარია "აგენტურული ფულით სარგებლობს".
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გასულ წელს დაიწყო.