ალეკო ელისაშვილი პროკურატურას: სერიოზულად ამტკიცებთ, რომ შეიძლება ციხიდან ძაღლს დავურეკო და ზეწოლა მოვახდინო?
მივმართავ პროკურატურას, სერიოზულად ამტკიცებთ, რომ მე შეიძლება ციხიდან ძაღლს დავურეკო და დაველაპარაკო, ზეწოლა მოვახდინო? ან წერილი გავუგზავნო ძაღლს? - ამ სიტყვებით მიმართა ალეკოს ელისაშვილმა სასამართლო სხდომაზე ბრალდებსი ხმარის წარმომადგენელს.
პატიმრობაში მყოფმა პოლიტიკოსმა სხდომაზე მოსამართლეს უთხრა, რომ მისი, როგორც პატიმრის უფლებები ირღვევამ, რადგან ერთი წელია არ აძლევენ ოჯახის წევრებთან შეხვედრის საშუალებას.
- განცხადება ელისაშვილმა მის მიმართ წარმოებულ მეოთხე სისხლის სამართლის საქმის მოსმენაზე გააკეთა - პოლიტიკოსს ამჯერად პროცესზე წარმოთქმული სიტყვა „არაკაცის" გამო ასამართლებენ. მან ამ სიტყვით პოლიციელ შოთა ჭიპაშვილს მიმართა, რომელიც პროკურატურის მოწმეა.
მინდა ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც სამართლიანობის განცდა გვექნება, გვქონდეს განცდა, რომ ვინმე არ დაიჩაგრება, სახელმწიფო კონკრეტულ ადამიანებს ამოჩემებულად არ ჩაგრავს და არ ცდილობს, რომ გაამწაროს, უფლებები აართვას, არ იძალადოს. ერთი წელია ვარ მკაცრი რეჟიმის ციხეში და ერთი წელია აკრძალული მაქვს ჩემი ოჯახის წევრებთან ნებისმიერი კომუნიკაცია. პროცესზეც იმიტომ მოვდივარ, რომ ჩემი ოჯახის წევრები ვნახო, ახლობლები ვნახო. აკრძალული მაქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. ყველა პატიმარს აქვს უფლება, რომ ციხიდან დარეკოს ჩემს გარდა, ყველა პატიმარს აქვს წერილის გაგზავნის უფლება, ჩემს გარდა, ერთი სიტყვის გაგზავნის უფლებაც არ მაქვს, ერთ ფურცელს ვერ ვაგზავნი, მჩხრეკენ. თურმე იმიტომ, რომ მოწმეზე არ მოვახდინო ზეწოლა. ჩემს თავს რომ არ ხდებოდეს ეს ამბავი, მოვკვდებოდი სიცილით. არ არის ეს სასაცილო, მაცოფებს დაჩაგვრის მცდელობა. ჩემს საქმეში მოწმე არ არსებობს. პროკურატურა ორ დღეში ერთხელ მიგრძელებს ყველანაირი კომუნიკაციის აკრძალვებს და მოწმე არ არსებობს. ოთხფეხა ძაღლია[მოწმე], არაფერს არ ვაჭარბებ, ვისაც ეჭვი ეპარება, წაიკითხოს საქმე. მივმართავ პროკურატურას, სერიოზულად ამტკიცებთ, რომ მე შეიძლება ციხიდან ძაღლს დავურეკო და დაველაპარაკო, ზეწოლა მოვახდინო? ან წერილი გავუგზავნო ძაღლს?
პენიტენციური სამსახურის დირექტორი, გლდანის ციხის დირექტორი არის გარეთ ეს დღეები და რა დარწმუნებული ხართ, რომ ისინი ახლა ზეწოლას არ ახდენენ მოწმეებზე? იმ დანაშაულში ათობით ადამიანია ჩართული იმ ორის გარდა და ამ ადამიანებზე ძალიან მარტივად შეუძლიათ ზეწოლა. პროკურატურამ ხმა რატომ არ ამოიღეთ ამაზე, რატომ არ გაასაჩივრეთ? ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობდნენ, ახლა არიან გარეთ და უდიდესი რისკია, რომ ზეწოლა მოახდინონ. მკაცრი რეჟიმის პატიმარს რომ მიკრძალავთ კომუნიკაციას, პატარიძეს და ფირცხალავას რატომ არ უკრძალავთ?“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილმა სხდომაზე ასევე თქვა, რომ მის წინააღმდეგ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის დროს მოსარჩელე მხარე და მოსამართლეები ტერორისტად მოიხსენიებენ.
„ლელოს“ ედავება, რომ რახან ელისაშვილი ტერორისტია, ამიტომ თქვენი პარტია უნდა გაუქმდესო, მაგრამ მე „ლელოს“ წევრი არასდროს არ ვყოფილვარ და მერე, კოალიციურ სიაში რახან იყოო, ეგრე ერთი ბატალიონი „ნაციონალი“ გყავთ სიაში და მთავრობაში და მაშინ თავისი თავი თვითონ უნდა გაიუქმონ. ყველაზე მთავარი, ტერორისტად მომიხსენიებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე სასამართლო პროცესზე. გასაგებია, რომ მას დავალება აქვს და სინდისი ნატამალი არ აქვს, მაგრამ მოსამართლეები „ლელოს“ წევრებს ეკითხებოდნენ გუშინ, ელისაშვილი რომ ტერორისტია, მისი ქმედებებს რატომ არ გაემიჯნეთო, რას ნიშნავს ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია მოსამართლეებს უნდა ვასწავლო? ასეთი გამაოგნებელი ქვეყანა მივიღეთ. არადა პარალელურად გუშინ, აპელაციაში ვიყავი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საერთო ჯამში, სისხლის სამართლის 4 საქმეა წარმოებული, საიდანაც ერთზე, რომელიც ტერორისტული აქტის მცდელობას გულისხმობს, მსჯავრდებულია და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის, რომელიც სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას გულისხმობს. პოლიტიკოსს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზეც, რაც პოლიციელ შოთა ჭიპაშვილის მისამართით ნათქვამ სიტყვა „არაკაცის“ წოდებას მოიცავს. ელისაშვილი ასევე ბრალდებულია პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზეც.