ბიბილაშვილი "ოცნებას": დღესდღეობით (2008 წლის) რეზოლუციის ამგვარი წაკითხვა შეიძლება აწყობდეს მხოლოდ რუსეთს
დღესდღეობით ამ რეზოლუციის ამგვარი წაკითხვა შეიძლება აწყობდეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს - ასე უპასუხა ენმ-ს წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა "ოცნების" კითხვას, რომელიც 2008 წლის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას შეეხებოდა.
კერძოდ, მოსარჩელე მხარემ იკითხა, სადავო პუნქტების გამო ამ რეზოლუციაზე ხელმოწერით წინა ხელისუფლებამ აღიარა თუ დაიბრალა, კონფლიქტის ესკალაცია და არაპროპორციული ძალის გამოყენება?
ბიბილაშვილმა "ოცნებას" უთხრა, რომ არ არსებობს ქართული პოლიტიკური კონტექსტი, რომლისთვისაც ეს რეზოლუცია იქნება მიუღებელი.
"რეზოლუციის ასე წაკითხვა და მხოლოდ ამ პუნქტების ამორჩევა მხოლოდ რუსეთს შეიძლება აწყობდეს' - განაცხადა ბიბილაშვილმა.
ჩვენ გავიტანეთ მაქსიმუმი ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად, აგრესორის აგრესორად მოსახსენიებლად, ოკუპანტის ოკუპანტად მოსახსენიებლად, იმის სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, რომ ხვალ და ზეგ ჩვენი დევნილები, ასობით ათასი დევნილი, დაბრუნდეს სახლებში.
თან ეს რომელი წელია? 2008 წელია, ხო? 2008 წელი რა რეალობაა? — ის რეალობა, როდესაც, აი, ამ ხალხის ნაწილი, რომელმაც ამას ხმა მისცა, ევროპელებზე მაქვს საუბარი, ბევრზე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის და, კეკლუც როლშია რუსეთთან დაკავშირებით, ხო? ჯერ ის დროა, როცა რუსეთთან ეს „რესეტი“ და „რესტარტი“ განიხილება და ასე შემდეგ. ანუ ჩვენთვის საერთაშორისო კონიუნქტურა მაინცდამაინც მომგებიანი არ არის. ამ ვითარებაში საქართველომ მიიღო ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენთვის სამაგიდო უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაწილში, რუსეთისთვის მისი სახელი დარქმევის ნაწილში, ხო?ახლა რას გვედავებიან ჩვენ, რომ 120%-იანი შედეგი არ დავდეთ და მხოლოდ 99%-იანი? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას შემდეგ, რაც უკრაინაში მოხდა შეჭრა, ჯერ 2014 წელს და შემდეგ უკვე 2022 წელს, საერთაშორისო თანამეგობრობაში არა მხოლოდ ეჭვი აღარ არის ამ საკითხებთან დაკავშირებით, არამედ ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც განსხვავებულ პოზიციაზე იდგა ამ დროს, ჩათვალეთ, მარგინალიზებულია, ვინაიდან მათი სუსტი თუ არაერთგვაროვანი პოზიცია მიჩნეული არის იმის მიზეზად, რომ რუსეთმა ამდენი გაბედა. გაბედა შემდგომ წლებში.
დღესდღეობით ამ რეზოლუციის ამგვარი წაკითხვა შეიძლება აწყობდეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს.
არ არსებობს ქართული პოლიტიკური კონტექსტი მოქალაქეობრივი, სახელმწიფოებრივი, რომლისთვის განმსაზღვრელი არის ჩვენი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, რუსეთისთვის აგრესორისა და ოკუპანტის დაძახება, შესაბამისად, დეოკუპაციის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, არ არსებობს ის კონტექსტი, რომლისთვისაც ეს რეზოლუცია იქნება მიუღებელი.მოხერხება უნდა იმას, შერჩევითობაც არ ჰქვია, რომ ამოიღო ის ერთი მუხლი, რომელიც, დიახაც, იყო კომპრომისული იმისთვის, რომ ეს ყველაფერი დანარჩენი მიღებულიყო.
ახლა თუ თქვენ მეტყვით, რომ აქედან რომელიმე მუხლი არათუ არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არამედ სამაგალითო არ არის ქართული დიპლომატიისთვის, განსხვავებით დღევანდელისგან, როდესაც ხან აშხაბადში დავდივართ და ხან ბურუნდიში, ხო? — აი, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ასე გვედგნენ მხარში მაშინ, როდესაც ძალიან არაერთგვაროვანი საერთაშორისო ვითარება იყო. იმიტომ კი არ გვედგნენ, რომ ლამაზი თვალები გვაქვს და კაი ბუნება და კაი ხაჭაპური — იმიტომ, რომ ქართული დიპლომატია მუშაობდა სამაგალითო დონეზე. და იცით, ვინ იყო ამის წინააღმდეგი? ამაზეც მოგახსენებთ, როცა ამის დრო მოვა“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.