რეკეტი ე.წ. კრიმინალური ქურდის ჩართულობით - სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული 29 პირს შორის 1 ქალია
ფინანსურ დავებს საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე წყვეტდა - მორიგი სკანდალური ამბავი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით კიკნაძის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.
დღეს გაირკვა, რომ ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის არის ჯაფარიძე, რომელიც წლებია, საზღვარგარეთ იმყოფება.
ირკვევა, რომ სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩაატარეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში.
საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნულ პროცესში, კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით, ჩართული იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე.
ირკვევა, რომ ბრალდებულები, საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეთანხმებით, მოდავე მხარეებთან ერთად პერიოდულად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს.
კადრებში, რომელსაც თამაზაშვილის უწყება ავრცელებს ჩანს, რომ 29 დაკავებულიდან 1 ქალია.
დისტანციური კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების დროს, ბესიკ ჯაფარიძე კრიმინალური სამყაროს წესებისა და ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთ მხარეს მეორის სასარგებლოდ სოლიდური თანხის გადახდა ეკისრებოდა.
გამოძიებით ასევე, დგინდება რომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულები მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკავშირდებოდნენ.
ასევე, პოლიციის მიერ, ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა"- ამბობენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.