„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერები აჭარაში ჩავიდნენ და ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე თანაგუნდელებთან ერთად რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. პარტიის პოლიტიკური ლიდერები დღეს აჭარაში ჩავიდნენ.
ერთ-ერთი შეხვედრა გონიოში, იმ ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც საბავშვო ბაღი უნდა აშენებულიყო. პროექტი სამი წლის წინ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე შეჩერებულია. „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ინფორმაციით, აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ასობით ათასი ლარი დახარჯა, თუმცა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ შესრულებული სამშენებლო სამუშაოები მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, რის გამოც პროცესი აღარ გაგრძელდა.
ადგილობრივების თქმით, არსებობს ეჭვი, რომ საბავშვო ბაღი შესაძლოა საერთოდ აღარ აშენდეს, რადგან აღნიშნული ტერიტორიის მიმართ კონკრეტული პირების კომერციული ინტერესი იკვეთება.
მოსახლეობა საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულებას მოითხოვს. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ხელისუფლების უმოქმედობისა და პროექტის გაჭიანურების გამო გონიოში დაახლოებით 300 ბავშვი სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშეა დარჩენილი.
კუპრაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ პარტია მშენებლობის პროცესზე მკაცრ მონიტორინგს განახორციელებს. მისი თქმით, საქმეში იკვეთება სავარაუდო კორუფციისა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის ნიშნები, ხოლო მსგავსი პრობლემების გამო, პარტიის შეფასებით, აჭარაში 2 000-ზე მეტი ბავშვი კვლავ სკოლამდელი განათლების გარეშე რჩება.