ექსკლუზივი: ბოკუჩავა ამბობს, რომ ფორმალურად გაუქმებულ თავმჯდომარის პოსტზე, სავარაუდოდ, კანდიდატურას არ დააყენებს

09.07.26 21:42
ექსკლუზივი: ბოკუჩავა ამბობს, რომ ფორმალურად გაუქმებულ თავმჯდომარის პოსტზე, სავარაუდოდ, კანდიდატურას არ დააყენებს

"მხნედ ვარ"- ასე დაიწყო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა თინა ბოკუჩავამ "რეაქციისთვის" მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუ.

ბოკუჩავა ამბობს, რომ ენმ-დან წასვლას არ აპირებს, თუმცა იმ პირობებში, როცა თავმჯდომარეობის პოსტის გაუქმებასთან დაკავშირებით პროცესები ბუნდოვანია, ამ თანამდებობისთვის ბრძოლას, სავარაუდოდ არ აპირებს. 

ბოკუჩავა TV პირველთან არ მალავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ახალმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც  „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შეიქმნება „რეფორმატორთა საბჭო“, რომელსაც ის თავმჯდომარის როლში უხელმძღვანელებს, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, საზოგადოების დაბნეულობა გამოიწვია. 

მისი თქმით: პარტიის განახლებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ტიპის განაცხადი მოისმინეს. თავდაპირველად, ენმ-ში რეფორმები მისი თავმჯდომარეობით უნდა განხორციელებულიყო, უცხოეთში ვიზიტის დროს კი გაიგო, რომ ამ პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატი ენმ-ის თავმჯდომარეობის პოსტზე ნანუკა ჟორჟოლიანი იყო, რამდენიმე დღეში კი საზოგადოებამ იხილა განცხადება, რომლის მიხედვითაც შეიქმნება „რეფორმატორთა საბჭო“.

ბოკუჩავა იქვე განმარტავს, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტის ფორმალურად გაუქმება, რაზეც სააკაშვილი ბოლო მიმართვაში ამახვილებს ყურადღებას, სამართლებრივად ვერ მოხდება. 

ჩემი ორწლიანი მანდატი, რომელიც პარტიულმა ყრილობამ მომანიჭა, 2026 წლის 8 ივლისს ამოიწურა, წესდებით გათვალისწინებულია, რომ მე გავაგრძელებ ამ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის გაგრძელებას, მანამ სანამ ახალი პარტიული ყრილობა არ აირჩევს ახალ ხელმძღვანელ პირს. 

მიუხედავად იმისა, რომ ახლა საუბარია თავმჯდომარის პოსტის გაუქმება მოხდეს ფორმალურად, სამართლებრივად ეს ასე ვერ მოხდება, იმიტომ რომ საქართველოს კანონი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ [ასეთ ნორმას  არ ცნობს]. ჩვენ არ უნდა მივცეთ მიზეზი რეჟიმს, რომ დაიწყონ მოქმედებები პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის გამო.

[სააკაშვილის პოსტში] საუბარი იყო, რომ არცერთი პოზიცია არ უნდა დარჩეს გარდა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისა, გამომდინარე იქიდან, რომ ლევან ხაბეიშვილი ტყვეობაშია და და მე ამ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად მივესალმები"- თქვა ბოკუჩავამ. 

მისი თქმით, თუ ლევან ხაბეიშვილი ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელი იქნება, მაშინ უნდა არსებობდეს პოლიტიკური საბჭოც. 

"მაყურებელმა რომ იცოდეს, კანონმდებლობით, იმისთვის, რომ ჩვენ ფორმალური საბაბი არ მივცეთ რეჟიმს, რომელსაც დამოკლეს მახვილივით აქვს დაკიდებული პარტიების გაუქმების საკითხი, ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოში, ამისთვის აუცილებელია, ნებისმიერი ცვლილებები აკმაყოფილებდეს სამ კრიტერიუმს: პარტიას უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი პირი, რომელიც როგორც წესი, არის თავმჯდომარე, შეიძლება სხვა სახელი ეწოდოს - ბორდის თავმჯდომარე ან სხვა. უნდა ჰყავდეს კოლექტიური გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, როგორც წესი, ეს არის პოლიტიკური საბჭო და ასევე უნდა ჰყავდეს ე.წ. სარევიზიო საბჭო"- დასძინა ბოკუჩავამ. 

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ის "რეფორმების საბჭოში" საკუთარ თავს ვერ ხედავს. 

ამასთან, ბოკუჩავამ "რეაქციას" დაუდასტურა, რომ ის ნანუკა ჟორჟოლიანს შეხვდა, საუბრის თემა კი სწორედ ენმ-ში განსახორციელებელ ცვლილებებს შეეხებოდა.  

მე ვრჩები პარტიაში, სავარაუდოდ, არ დავაყენებ თავმჯდომარეობის კანდიდატად საკუთარ თავს. თუ რაღაცის ფორმაცია სურს პრეზიდენტ სააკაშვილს ამ პარტიაში, მე რიგით წევრად გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას. ბრძოლას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა შევიყვანოთ ევროკავშირში და ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი. 

სავარაუდოდ, არა [რეფორმების საბჭოშიც ვერ ვხედავ საკუთარ თავს]. რადგან ის პარტიისგან გვერდზე მდგომი ორგანო იქნება, უფრო სწორი იქნება ის დაკომპლექტდეს არაპარტიული ადამიანებისგან"- განმარტა მან. 

როგორ განვითარდა ენმ-ში მოვლენები:

  • პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობაში" რადიკალური ცვლილებები 10 ივნისს დააანონსა და ნანუკა ჟორჟოლიანს სრული ნდობა გამოუცხადა.  
  • 11 ივნისს ჟორჟოლიანმა თქვა, რომ მას სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეობას სთავაზობდა.
  • თინა ბოკუჩავამ 16 ივნისს პოლიტიკური ჭორაობა უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი ჟორჟოლიანს მის თანამდებობას სთავაზობდა;
  • 17 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია. რამდენიმე საათში ამ განცხადებას იმპულსური და არათანმიმდევრული უწოდა.

მსგავსი სიახლეები