გავაგრძელებთ ბრძოლას... ყველამ ვიცით, რომ ალეკო ელისაშვილი 13 წელი საპატიმროში არ იჯდება - თურაზაშვილი
"ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, ქეთევან თურაზაშვილი დარწმუნებულია, რომ ალეკო ელისაშვილს ციხეშ 13 წლის გატარება არ მოუწევს - "ბრძოლას გავაგრძელებთ".
პოლიტიკოსის თქმით, ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და სწორედ ამის შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი.
არავის გვქონია მოლოდინი, რომ უსამართლო სასამართლო უცებ, დღეს, გადაწყვეტდა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებები უნდა მიეღო. როდესაც ალეკოს ბრალი დაუმძიმეს და ტერორიზმის მუხლი შეუფარდეს, ვნახეთ, რომ ეს იყო შალვა პაპუაშვილის სატელევიზიო ეთერის შემდეგ, სადაც მან აღნიშნა, რომ ალეკომ ჩაიდინა ტერორიზმი. დღეს ვნახეთ, დილით კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და ამის შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი გამოცხადებული ბრალი. გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება. ყველამ ვიცით, რომ ალეკო ელისაშვილი 13 წელი საპატიმროში არ იჯდება.
მინდა მივმართო საზოგადოებას, საუბარია 320 - ლარიან ზარალზე. 320 - ლარიანი ზარალი ვერასდროს შეფასდება როგორც ტერორიზმი. საბედნიეროდ, სახეზე არ არის დაზარალებული, არ გვაქვს მსხვერპლი. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სამართლიანი სასამართლო სჭირდება ქვეყანას. სანამ ჩვენს ქვეყანაში არ არის სამართლიანი სასამართლო, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ გვაქვს სახელმწიფო“,- განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.
"ძლიერი საქართველოს" წევრს, ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებამდე ელისაშვილი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.