ცვლილებები შსს-ში - რას ამბობენ "ოცნებაში" გახმაურებულ საქმეებში ფიგურანტი პოლიციელების დაწინაურებაზე

10.07.26 18:47
ცვლილებები შსს-ში - რას ამბობენ "ოცნებაში" გახმაურებულ საქმეებში ფიგურანტი პოლიციელების დაწინაურებაზე

"ქართული ოცნების" წევრები გახმაურებულ საქმეებში ფიგურანტი პოლიციელების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნას ეხმაურებიან. 

ივანიშვილის გუნდის წევრები ირწმუნებიან, რომ ირაკლი დგებუაძე და სხვა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები "ყოველთვის ასრულებენ თავის სამსახურებრივ მოვალეობას".

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი გაბუნია მიიჩნევს, რომ ამ საკითხის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა სწორი არ არის. 

ირაკლი დგებუაძე იქნება, თუ სხვა, შსს-ს თანამშრომლების დაწინაურების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შსს-ს უშუალო ხელმძღვანელობა და ზოგადად ხელმძღვანელობა, ამიტომ, რა პრინციპით ხდება კონკრეტული თანამშრომლის დაწინაურება ამაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შსს-ს კონკრეტული სამსახურების ხელმძღვანელები. ამ საკითხის პოლიტიკურ კონტექსტში გადატანაც არ მიმაჩნია სწორად, ვინაიდან ირაკლიო დგებუაძე იქნება, თუ სხვა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები, ისინი ყოველთვის ასრულებდნენ და ასრულებენ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას," - ამბობს გიორგი გაბუნია. 

ხოლო "ქართული ოცნების" წევრი, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ თუ იოსებ სიგუა თავის ცოლს მართლაც აგდებდა აივნიდან, მაშინ, სოფია სიგუამ საგამოძიებო უწყებაში უნდა იჩივლოს და მას არათუ დააწინაურებენ, არამედ ის ციხეში წავა. 

ე.ი. რას მეუბნებით, რომ დილით რომ ავდგებით პირველ რიგში რასაც ვაკეთებთ "ქართული ოცნება", ოჯახური ძალადობა ხომ არ წაგვეხალისებინა? კი, მერე დავასკვნით, მერე რა ფორმები გამოვძებნოთ რომ წავახალისოთ - რა გელაპარაკოთ. 

თუ აივნიდან აგდებდა ის არის დამნაშავე, იჩივლოს და წავა ის კაცი ციხეში, არათუ დაწინაურება. თუ ეს არ დამდგარა, თუ არ უჩივლია, თუ ეს დადასტურებული არ არის - ასე რომ იყოს, რომ მე თქვენზე განვაცხადო და თქვენ ჩემზე რაღაც განაცხადოთ - მხოლოდ ეს მტკიცებულებად ითვლებოდეს, მაშინ წინა საუკუნის 37 წლებში გადავინაცვლებდით, იქ მართლაც ასე იყო," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი იოსებ სიგუა დაინიშნა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აფელირებული Facebook გვერდი, "ყველაფერი პოლიციის შესახებ" წერს. 

სიგუა ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო. 

შეგახსენებთ, რომ იოსებ სიგუას მოქმედი ცოლი უმძიმეს ბრალდებას უყენებს.  სოფია სიგუა - შატბერავა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მაღალჩინოსანი ქმარი მას "12-ე სართულიდან გადაგდებით", "კასრში ჩასმითა და დამარხვით" ემუქრებოდა. 

ამასთან, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დანიშნეს -  ინფორმაციას ამის შესახებ შსს-სთან დაკავშირებული გვერდი "ყველაფერი პოლიციის შესახებ" ავრცელებს.

ირაკლი დგებუაძე ამ დრომდე იკავებდა შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას.

ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი ფიგურირებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში. 

მსგავსი სიახლეები