დეპუტატი ქურდებთან კავშირის გამო ციხეში გაუშვეს - როგორ გავიდა გამოძიება საჯარო მოხელის კვალზე
უდანაშაულო ადამიანების ცემაში, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ე.წ. ქუჩურ გარჩევებში პროკურატურა ცაგერის საკრებულოს წევრს, ლაშა ლეთოდიანს ამხელს. „ქართული ოცნების“ სიით არჩეული დეპუტატი დღეს სასამართლოში ქურდული სამყაროს წევრობასა და მხარდაჭერაში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად წარდგა.
ლეთოდიანი იმ 29 დაკავებულს შორისაა, რომლებსაც გამოძიება ადამიანების წამებას, ფულის გამოძალვასა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას ედავება.
მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ლაშა ლეთოდიანი ამჟამად ცაგერის საკრებულოში „ხალხის ძალის“ ფრაქციის თავმჯდომარეა. სასამართლო სხდომაზე მისი ადვოკატი აცხადებდა, რომ დეპუტატს ნდობა ადგილობრივებმა გამოუცხადეს და ის სოციალურ საკითხებზე მუშაობდა.
პროკურატურის ვერსიით კი, ლეთოდიანი საქმეების ე.წ. ქუჩური წესებით გარჩევაში, ქურდულ სამყაროსთან კავშირსა და მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაში იყო ჩართული. გამოძიების მტკიცებით, ის სცემდა იმ ადამიანებსაც, რომლებიც ე.წ. კანონიერ ქურდებზე უარყოფითად საუბრობდნენ.
საქმის მასალებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლეთოდიანის ავტომობილში ფარული მოსასმენი მოწყობილობა დაამონტაჟა და მას რამდენიმე თვის განმავლობაში უსმენდა. გამოძიება აცხადებს, რომ საკრებულოს წევრი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა კვიჟინაძის სახელით სარგებლობდა.
საკრებულოს წევრი, გასაჭიმი ჭერის ხელოსანი და სილამაზის სალონის მფლობელი ქალი დღეს ერთ საქმეზე, ერთდროულად, საბრალდებო სკამზე ისხდნენ. ლალო გველესიანი, რომელიც ფრჩხილის სპეციალისტია, ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზეა დაკავებული.
გამოძიების ვერსიით, 34 წლის ქალი, ორი არასრულწლოვანი შვილის დედა, ახლობლების პრობლემების მოგვარებას ქურდული სამყაროს წევრების ჩარევით ცდილობდა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.