„შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“ - ფეისბუქზე გათქმული ბრძოლის სტრატეგია და კობახიძის პასუხი
ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შესაძლო დაკავებასა და პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე საუბრობს. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ოპოზიციის სტრატეგიას — „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია“ — სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
კობახიძის განცხადება მანამდე გაკეთდა, ვიდრე საქალაქო სასამართლო ოპოზიციური პარტიების საქმეზე განხილვას დაასრულებს ან საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე იმსჯელებს. პრემიერის შეფასებით, ქვეყნის შიგნით პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების საკითხზე თანამშრომლობის სტრატეგია სახელმწიფოს მიმართ მტრულ დამოკიდებულებას წარმოადგენს.
კობახიძე ამგვარად გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს. გვარამიამ ოპოზიციური სპექტრის სტრატეგიად „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ალტერნატივა“ დაასახელა.
მისი შეფასებით, ხელისუფლება პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ცდილობს და ოპოზიციას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ხელისუფლების მიმართ პასუხისმგებლობის მოთხოვნის გამო ემუქრება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ პროტესტი, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია და ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკა დემოკრატიული პროცესის ნაწილია. მათი თქმით, ხელისუფლების მსგავსი განცხადებები საერთაშორისო სანქციების რისკს გაზრდის და ქვეყანაში პროტესტს კიდევ უფრო გააძლიერებს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.