გეგმავს თუ არა "ოცნება" საგადასახადო კოდექსის გადახედვას?
საგადასახადო კანონმდებლობა მოქალაქეებისა და მცირე ბიზნესისთვის დამატებით ტვირთად იქცა. თუ უცხოური ონლაინ-მაღაზიიდან გამოწერილი ამანათის ღირებულება 300 ლარს თუნდაც ერთი ლარით აჭარბებს, მომხმარებელს განბაჟების თანხის გადახდა უწევს. 300 ლარიან ნივთზე ეს თანხა, სულ მცირე, 60 ლარს შეადგენს.
ონლაინ შეკვეთების რაოდენობა იზრდება - 2025 წელს საქართველოში უცხოური ონლაინ-მაღაზიებიდან დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ღირებულების პროდუქცია გამოიწერეს. ეკონომისტები ამ ფონზე ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკას აკრიტიკებენ და იხსენებენ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს ძვირადღირებული ნამუშევრების ქვეყანაში გადასახადის გარეშე შემოტანის შესაძლებლობა მისცა.
ამანათების განბაჟებასთან ერთად მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის პრობლემად რჩება ქონების გადასახადი და დღგ-ის გადახდის ზღვარი. თუ პირის ან ბიზნესის წლიური ბრუნვა 100 ათას ლარს აღემატება, მას დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია და 18%-იანი გადასახადის გადახდა ევალება.
„ლელო — ძლიერი საქართველო“ მოქალაქეებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითხოვს.
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციამ“ ფინანსთა სამინისტროს ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ მიმართა და მოითხოვა, რომ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ზღვარი 300 ათას ლარამდე გაიზარდოს. ეკონომისტების შეფასებით, 2005 წელს დადგენილი 100 ათას ლარიანი ზღვარი დღეს რეალობას ვეღარ შეესაბამება, რადგან ინფლაციისა და ლარის გაუფასურების ფონზე მცირე ბიზნესს დამატებით ტვირთად აწვება და განვითარებაში ხელს უშლის.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.