რა თქვა სასამართლოში იოსებ სიგუამ, რომელსაც ცოლი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს
პოლიციის მაღალჩინოსანი, იოსებ სიგუა ამტკიცებს, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ყველა ბრალდება გამოგონილია და სიმართლეს არ შეესამება. ამის შესახებ მან გუშინ სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
სიგუას მტკიცებით, ყოფილი მეუღლის მხრიდან ქონებრივ დავას ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც მან ბრალდებების გზით მისთვს "ჩირქის მოცხება" სცადა.
პოლიციის მაღალჩინოსანი პროცესზე ამტკიცებდა, რომ სასამართლოს სოფია სიგუა-შატბერავას არცერთი ჩვენება არ უნდა გაეთვალისწინებინა. ის მოსამართლეს სთხოვდა, ელექტრონული სამაჯურის თაობაზე დადგენილება გაეუქმებინა.
ტელევიზიაში დამემუქრა, პროკურატურაში დამემუქრა და ამის მოწმეები არიან, მარტომე არ მირეკავდა, სხვებსაც ურეკავდა და უნდოდა ჩემთან შეხვედრა - არ შევხვდი. გამიგზავნა თავისი ადვოკატიც და შემომითვალა, გარიგებაზე წამოდიო, ავტოფარეხი დაიტოვეო. წადი, თქო ვუთხარი, ვერ მოვრიგდებით თქო, რა ავტოფარეხი დავიტოვო. სიუჟეტი ოღონდ მაინც გავაო, იმიტომ, რომ მომზადებული არის და ნათქვამიაო. სულ კარგად ბრძანდებოდეთ, მე ვუთხარი, სიუჟეტი თუ უნდა გავიდეს, თუ ასეთი რაღაც ჩირქი უნდა მომეცხოს, თუ კიდევ უნდა დავზიანდე, რატომ უნდა გადმოგიფორმო, - თქვა სიგუამ სასამართლო სხდომაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსს, პოლიციის პოლკოვნიკ იოსებ სიგუას, რომელსაც ცოლი ძალადობაში ამხელდა, ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს.
იოსებ სიგუას ცოლი სოფია სიგუა - შატბერავა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიციიის მაღალჩინოსანი ქმარი მას "12-ე სართულიდან გადაგდებით", "კასრში ჩასმითა და დამარხვით" ემუქრებოდა. სოფია სიგუას თქმით, "იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა". ქალი ჰყვებოდა, რომ პოლიციელი მას ორსულობის დროსაც სცემდა.
"შაბათის ეთერში" გასული ამ რეპორტაჟიდად რამდენიმე დღეში შსს-სმ იოსებ სიგუა დააწინაურა და ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნა.