ელისაშვილის მეუღლე ლევან იოსელიანზე: ალბათ ხარშავს ჯერ ტვინში იმას, რაც მოხდა ალექსანდრეს თავს და მათ შორის, მის თავს
დაკავებული პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილი მეუღლე დარწმუნებულია, რომ განაჩენი, რომელიც ელისაშვილის საქმეზე დადგა, "ოცნების" დაკვეთა იყო.
ირინა კილასონიძე სახალხო დამცველის შესახებაც საუბრობს, რომელსაც ელისაშვილს საქმეზე ჯერ საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. პოლიტიკოსის მეუღლე ფიქრობს, რომ ახლა თავად ლევან იოსელიანიც რთულ ვითარებაშია, რადგან მისი თქმით, "ქართული ოცნება" "მონსტრია", რომელსაც ადამიანური არაფერი გააჩნია.
ალექსანდრესთან კომუნიკაცია არ გვქონია სასამართლოს მერე, ბოლოს ვნახეთ სასამართლოზე. შეზღუდვები, როგორც გუშინ გავიგე, ძალაშია დატოვებული. რაც შეგვიძლია, ეს არის გასაჩივრება ყველა ინსტანციაში საქართველოში და რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმედი, რომ რომელიმე მოსამართლე დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას და შეცვლის იმ განაჩენს, რომელიც გიორგი გელაშვილმა მიიღო, იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" დაკვეთაა ასეთი და შესაბამისად, ვერცერთი მოსამართლე გაბედავს რამე სხვა, უფრო ადეკვატური განაჩენის გამოტანას. შესაძლოა, ეს იყოს "ქართული ოცნების" და მათ შორის, მამუკა მდინარაძის შურისძიება.
სასამართლოს შემდეგ არ გამოჩენილა ლევანი. ვიცი, რომ მისთვისაც არ არის მარტივი ამბავი, რაც მოხდა, ამაში დარწმუნებული ვარ, განიცდის და ის, რომ საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, არ ვიცი, ალბათ ხარშავს ჯერ ტვინში იმას, რაც მოხდა ზოგადად, ალექსანდრეს თავს და მათ შორის, მის თავს. არაფრის გაკეთება არ შეეძლო, ამაში დარწუნებული ვარ, იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" არის ერთი მონსტრი ორგანიზაცია, რომელსაც ადამიანური არაფერი გააჩნია.
ალექსანდრე, მოკლედ, დავრბივარ ამ ეთერებში და რაღაცეებს ვლაპარაკობ. არ ვიცი, რამდენად გამოგადგება ეს ამბავი. ვიცი, რომ კარგად ხარ, მხნედ ხარ და ვიცი, რომ გაუძლებ ამ ყველაფერს და აბა, შენ იცი! მოკითხვა ბავშვებისგანაც, - ამბობს ირინა კილასონიძე.
"ძლიერი საქართველოს" წევრს, ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებამდე ელისაშვილი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
- აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.