გარემოვაჭრეებს, რომლებსაც გვიან ღამით დახლები დაუშალეს, კალაძე სხვაგან ვაჭრობას ურჩევს
გარემოვაჭრეებს, რომლებსაც გვიან ღამით, ე.წ. დეზირტირების ბაზრობასთან დახლები დაუშალეს, კახა კალაძე სხვაგან ვაჭრობას ურჩევს.
თბილისის მერი ამბობს, რომ სადგურის მოედანზე კრიტიკული მდგომარეობაა. ანტისანიტარიაა და გადატვირთული ქუჩები - სწორედ ეს დაასახელა კალაძემ იმის მთავარ მიზეზად, რის გამოც მოვაჭრების მიერ მოწყობილ დახლებს ღამით ტრაქტორით გადაურეს და ყველაფერი ნაგავს გაატანეს.
კალაძე ირწმუნება, რომ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ არაერთხელ გაფრთხილა მოვაჭრეები, თუმცა მათ ტერიტორიიდან უკანონო კონსტრუქციები არ გაიტანეს.
მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს ბევრი ლოკაცია, სადაც შეიძლება, ეს ადამიანები შევიდნენ და საქმიანობა განაგრძონ. რაც შეეხება ტერიტორიის მოწესრიგებას, ეს ქალაქი ყველასია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და არ წარმოადგენდეს პრობლემას, რაც აღნიშნულ ტერიტორიებზე უდიდესი გამოწვევა იყო. ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და გავლა შეუძლებელი ხდებოდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი მოწესრიგდა.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გაფრთხილება იყო მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან, რომ განეხორციელებინათ დემონტაჟი, სამწუხაროდ, ეს თავად არ გააკეთეს და ჩვენ მოგვიწია აღნიშნული ღონისძიების ჩატარება“, - განაცხადა კალაძემ.
გვიან ღამით მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს დახლები აუშალეს და ნაგვის ბუნკერში გადაუყარეს - სადგურის მოედანზე ე.წ დეზერტირების ბაზართან მომუშავე მოვაჭრეებმა დილით აღმოაჩინეს, რომ ტერიტორია, სადაც ოჯახების სარჩენად თანხას გამოიმუშავებდნენ, სრულად მოსუფთავებულია და მუშაობის უფლებას აღარავის აძლევენ.
თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ ახლა პრაქტიკულად ლუკმა-პურის გარეშე რჩებიან. გარემოვაჭრეებს შორის არიან მძიმე დიაგნოზის მქონე მარტოხელა ქალებიც, რომლებიც "პირველების" გადამღებ ჯგუფს უყვებიან, რომ სახელმწიფო მათ სიკვდილისთვის სწირავს.