საქართველოს ბანკი - ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე
საქართველოს ბანკი, როგორც განათლებისა და ახალგაზრდების განვითარების მთავარი მხარდამჭერი, ფოთის საჭადრაკო კლუბის პარტნიორია.
თანამშრომლობის მიზანი ახალგაზრდა ქართველი მოჭადრაკეებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა და ქართული ჭადრაკის მრავალწლიანი ტრადიციის გაგრძელების ხელშეწყობაა.
აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე, ახალგაზრდა ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერია.
საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ფოთში ჭადრაკის სხვადასხვა თაობას აერთიანებს
ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ქალაქის ყოველწლიური საერთაშორისო საჭადრაკო ღონისძიებაა, რომელიც ფოთის საჭადრაკო კლუბის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით იმართება.
2026 წელს ფოთი ფესტივალს უკვე მეცხრამეტედ მასპინძლობს. ტურნირები 12-20 ივლისს ტარდება და მათში 10 ქვეყნის 500-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს, მათგან 300-ზე მეტი კი ქართველი მოჭადრაკეა.
ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 25-მდე სხვადასხვა ტურნირი ტარდება. მონაწილეები სხვადასხვა სარეიტინგო და ასაკობრივ კატეგორიაში: A, B, C, D და E Open-ებსა და ბავშვთა ტურნირებში ასპარეზობენ.
ძირითადი შეჯიბრებები 9 ტურად, შვეიცარიული სისტემით იმართება, მიღებული შედეგები კი საერთაშორისო რეიტინგში აისახება. თითოეულ ტურნირში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოჭადრაკეები ჯილდოვდებიან.
ფესტივალი შესაძლებლობას აძლევს როგორც გამოცდილ, ისე ახალგაზრდა მოჭადრაკეებს, საკუთარი შესაძლებლობები საერთაშორისო გარემოში გამოსცადონ, დააგროვონ გამოცდილება და გადადგან შემდეგი ნაბიჯები პროფესიული განვითარების გზაზე.
ინფორმაციისთვის, ფოთში ჭადრაკს თითქმის 80-წლიანი ორგანიზებული ისტორია აქვს. ქალაქის საჭადრაკო კლუბი ჯერ კიდევ 1948 წელს გაიხსნა, სადაც ახალგაზრდებს ჭადრაკის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.
დღეს საქართველოს ბანკი კლუბის მთავარი მხარდამჭერია და პარტნიორობის ფარგლებში ხელს უწყობს ახალი თაობის მოჭადრაკეების განვითარებას. ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოთამაშეების მხარდაჭერა კი ამ პარტნიორობის კიდევ ერთი გაგრძელებაა.
აღსანიშნავია, რომ ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ფოთში დაბადებული ქართველი მოჭადრაკის, ქალთა მსოფლიო ჩემპიონობის ორგზის პრეტენდენტის და ქართული ჭადრაკის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის - ნანა ალექსანდრიას სახელს ატარებს. ყოველწლიურად კი ფესტივალი ასობით ახალგაზრდა მონაწილეს მასპინძლობს.
NS