სასამართლოდან გამოსული ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა გადაწყვიტოს, დაკითხავენ თუ არა დასავლელ ლიდერებს
ოპოზიციის დევნის საქმე - ლევან ნიკოლეიშვილის გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში დასრულებულია.
მას შემდგ რაც, "ნეიტრალური საქართველოს" წევრმა სასამართლოში ჩვენებები კაია კალასის, კოსის, ურუსლა ფონ დენ ლაიენის და კელი დეგნანის წინააღმდეგ მისცა, "პირველებმა" პროკურატურის მოწმეს ჰკითხა, ითხოვენ თუ არა დასავლელი ლიდერების დაკითხვას გამოძიებისგან.
გამოძიების პრეროგატივაა, დაკითხავენ თუ არა კაია კალასს, ევროკავშირის სხვა ბიუროკრატებს და დეგნანს - იყო ნიკოლეიშვილის პასუხი.
მე ვთქვი იმის თაობაზე, რომ ამერიკის ერთ-ერთი ელჩი იყო ჩართული ოპოზიციური აქციების დროს მათ მხარდაჭერაში. რაც შეეხება კაია კალასს და ევროკავშირის სხვა ბიუროკრატებს, ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც მოწოდებულები არიან იმისათვის, რომ რამენაირად საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი, უყენებენ ათასნაირ ულტიმატუმს და შანტაჟს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, და ეს არაერთხელ გვაქვს გაჟღერებული, რომ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება ეს არ არის ის გზა, რა გზითაც უნდა წავიდეს საქართველო. შტატების ელჩი, კელი დეგნანი გახლდათ ის პიროვნება, რომელმაც ძალიან დიდი ნეგატიური როლი ითამაშა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესებაში.
უნდა იყოს თუ არა ეს ხალხი დაკითხული, მე გეტყვით პირდაპირ, რომ ეს არის გამოძიების პრეროგატივა და გამოძიებამ უნდა განსაზღვროს თვითონ, ვის დაკითხავს და ვის არა. მოდი დავაზუსტოთ, ჩემს სარჩელში ევროკავშირსა და ნატოზე არ იყო საუბარი.
ცდებით, (მე ვთქვი) რომ ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაცია და კერძოდ შტატების ელჩი უშუალოდ იყო ჩართული საქმიანობაში", - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
გიორგი ვაშაძის ადვოკატის, ომარ ფურცელაძის ცნობით, "ნეიტრალური საქართველოს" წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა კაია კალასი, მარტა კოსი, ურსულა ფონ დენ ლაიენი და კელი დეგნანი დაასახელა დანაშაულში მონაწილე ფიგურანტებად და ამტკიცებდა, რომ დასავლელი დიპლომატები არიან "აგენტურული ჯგუფის მხარდამჭერები და თანამოაზრეები".
მას მიაჩნია, რომ ეს ადამიანები არიან საერთაშორისო დანაშაულებრივი, აგენტურული ქსელის წევრები, რომლებიც გეგმავდნენ და მონაწილოებდნენ ანტიქართულ მოქმედებაში და ამაში ხელს უწყობდნენ ადგილობრივი ქართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები - თქვა ომარ ფურცელაძემ.
- ცნობისთვის, სწორედ "ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლების განცხადების საფუძველზეც დაიწყო საქმის წარმოება პროკურატურამ.
გამოძიების ეტაპზე, ჩვენებებში, რომელიც "პირველებს" ჰქონდა მოპოვებული, ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი უმტკიცებენ პროკურატურას, რომ "ოცნების" დასანქცირების მიზნით, დასავლეთში გაგზავნილი წერილები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საჯაროდ გაკეთებული განცხადებებები კი მოღალატეობრივია.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.