პროკურატურის მოწმეებმა ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები დანაშაულებრივ ჯგუფად გამოაცხადეს - ოპოზიციონერი ლიდერების ხმაურიანი პროცესი

14.07.26 20:34
პროკურატურის მოწმეებმა ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები დანაშაულებრივ ჯგუფად გამოაცხადეს - ოპოზიციონერი ლიდერების ხმაურიანი პროცესი

ოპოზიციის ლიდერების საქმეზე დღევანდელ სასამართლო სხდომას ადვოკატები ყველაზე სკანდალურს უწოდებენ. მათი განცხადებით, „ნეიტრალური საქართველოს“ წევრებმა მოწმის სახით დაკითხვისას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციები აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ დაფინანსებულ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასეს.

მათი თქმით, მოწმეებმა ასევე ახსენეს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი, ხოლო ევროკავშირის მაღალჩინოსნები – ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი – მიმდინარე პროცესებთან დააკავშირეს.

ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ, აცხადებენ, რომ სასამართლოში გაჟღერებული ჩვენებები პოლიტიკურ შეფასებებს წარმოადგენდა და არა ფაქტობრივ მტკიცებულებებს.

ადვოკატ ომარ ფუცელაძის განცხადებით, „ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლებმა სასამართლოს წინაშე სწორედ ის ბრალდებები გაიმეორეს, რომლებიც მათი ორგანიზაციის საჯარო განცხადებებში არაერთხელ გაჟღერებულა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციის რვა ლიდერის წინააღმდეგ გამოძიება „ნეიტრალური საქართველოს“ წევრების განცხადებების საფუძველზე დაიწყო. სწორედ ამ საქმის ფარგლებში მიმდინარეობს სასამართლო განხილვა, თუმცა რა კონკრეტულ მტკიცებულებებს ეყრდნობა ბრალდება, სასამართლო პროცესზე ამ დრომდე არ გამჟღავნებულა.

ვრცლდა ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები