ყავის ჯიხურიდან ფუტკრის სკებამდე: როგორ „ტყდებოდა“ ფული ყველაფრიდან

14.07.26 20:46
ყავის ჯიხურიდან ფუტკრის სკებამდე: როგორ „ტყდებოდა“ ფული ყველაფრიდან

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როგორც ირკვევა, ქრთამის გადახდა სავაჭრო ობიექტის განსათავსებლადაც იყო საჭირო. ამის შესახებ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა. უწყების ინფორმაციით, პასუხისგებაში მისცეს საჯარო მოხელეები, რომლებიც საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სახელმწიფო მიწაზე სავაჭრო ობიექტების, ე.წ. დრაივების, განთავსების სანაცვლოდ ქრთამს სთხოვდნენ.

გამოძიების ცნობით, ქრთამი მხოლოდ სავაჭრო ობიექტების განთავსებას არ უკავშირდებოდა. ერთ-ერთ საქმეში ირკვევა, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელემ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ფუტკრის სკების განთავსების სანაცვლოდაც აიღო ქრთამი.

სუს-ის ინფორმაციით, სულ 28 პირს ბრალი საქართველოს ცხრა რეგიონში წარუდგინეს. გამოძიება ასევე საუბრობს სახელმწიფო შესყიდვებში შესაძლო კორუფციულ სქემებზე. საქმე ეხება საბავშვო ბაღებისა და უფასო სასადილოების ტენდერებს. გამოძიების ვერსიით, კონტრაქტორები შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ბიუჯეტის თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ, ხოლო სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი პროდუქციის ნაწილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარისხსა და სტანდარტს არ შეესაბამებოდა. გამოძიება ასევე სწავლობს ინფორმაციას საბავშვო ბაღებში უხარისხო სადეზინფექციო საშუალებების მიწოდების შესახებ.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები