ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ძველი პოლიტიკური პარტიების გაერთიანება რეჟიმის ჩარევის გამო" ვერ შედგა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის გაერთიანება "ქართული ოცნების" ჩარევით ვერ მოხერხდა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Facebook live-ის დროს განაცხადა, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.
მეხუთე პრეზიდენტი თვლის, რომ ძველი პოლიტიკური გაერთიანება, სავარაუდოდ, "რეჟიმის ჩარევისა" და მათ შორის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების ციხეში ყოფნის გამო ვერ შედგა.
ბრძოლით არჩევნებს აქვს სულ სხვა დატვირთვა, ეს არ არის ის არჩევნები, სადაც ხან ერთი პარტია, ხან მეორე პარტია ცდილობს, რომ მის ირგვლივ მოაგროვოს მაქსიმალურად თავისი მხარდამჭერები. აქ უნდა იყოს სრული ერთობა საზოგადოების და მე არ ვლაპარაკობ იმ ძველ გაერთიანებას პოლიტიკური პარტიების, რომელიც, როგორც ჩანს ვერ შედგა და ალბათ, ამ რეჟიმის ჩარევების გამო, ან თუნდაც იმის გამო, რომ ძალიან დიდი ნაწილი ამ პოლიტიკური პარტიების ლიდერების ციხეში არიან დღეს და შეიძლება დაუმძიმდეს კიდევ მათ ეს სასჯელები, აუცილებელია საზოგადოებამ აიღოს თავის თავზე და მოამზადო ის, რაც არის მისი მომავალი და ამ მომავალს უნდა ბრძოლით წართმევა ამ რეჟიმისგან, არ შეიძლება ჩვენ დავუთმოთ ქვეყანა და გაჩუმდეთ ყველაფერზე, რაც ხდება ამ ქვეყანაში," - განაცხადა სალომე ზურაბიშილმა.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს მთავარი გამწევი ძალა საზოგადოება უნდა იყოს, რადგან სწორედ საზოგადოებაა ლოკომოტივი.
როცა საზოგადოება თავის თავს და თავის ბრძოლას ძალიან კარგად დაინახავს, ასევე პოლიტიკური პარტიები დაინახავენ, რომ უნდა გაყვნენ საზოგადოებას ამ შემთხვევაში, ეს არის ის გამონაკლისი, როცა პოლიტიკოსები უნდა გაყვნენ საზოგადოების დაკვეთას... საზოგადოება არის ლოკომოტივი, საზოგადოება არის წამყვანი და საზოგადოება გადაარჩენს თავის თავს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
"აღარ გვჭირდება ერთი ლიდერი, რომელიც გადაგვარჩენს და მესია, რომელიც თეთრი ცხენით ჩამოფრინდება" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარტიებმა საზოგადოების ნდობა უნდა დაიბრუნონ.
მისი თქმით იმისთვის, რომ პარტიებმა საზოგადოების ნდობა დაიბრუნონ, "საჭიროა ერთხელ დათმონ თავიანთი პარტიული ინტერესები ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ".
პარტიებმა უნდა დაიბრუნონ საზოგადოების ნდობა, იმისთვის რომ დაიბრუნონ საზოგადოების ნდობა, საჭიროა ერთხელ დათმონ თავიანთი პარტიული ინტერესები ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. ქვეყნის ინტერესები არის ერთი - გადარჩენა, პარტიული ინტერესები არის სხვადასხვა... დღეს პარტიების შეჯიბრის დრო არ არის და ვერ არის" - აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
მან არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "რეჟიმს არჩევნები უნდა წაართვან", ამას კი ზურაბიშვილის სიტყვებით, ძალიან დიდი მზაობა და შეგნება სჭირდება - "ეს არის ჩვენი შანსი, დავიბრუნოთ ეს ქვეყანა".