"მოწმე ძაღლებზე ზემოქმედებას როგორ მოვახდენთ?!" - ელისაშვილს ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა კვლავ არ ეძლევა
ალეკო ელისაშვილი ცოლის, ირინა კილოსანიძის განცხადებით, მას და მის შვილებს დაკავებული პოლიტიკოსის ნახვა ამ დრომდე არ შეუძლიათ.
ალეკო ელისაშვილს უკვე მსჯავრდებულის სტატუსი აქვს, თუმცა ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია ამ დრომდე ეკრძალება, ვინაიდან მის წინააღმდეგ სხვა საქმეც არის აღძრული.
ირინა კილოსანიძე აღნიშნავს, რომ საქმეზე, რომელზეც ალეკო ელისაშვილს 13 წელი მიუსაჯეს, მოწმეებზე ზეწოლის მოხდენის საფრთხის გამო არ აძლევდნენ ოჯახთან კომუნიკაციის საშუალებას, თუმცა მიმდინარე საქმეზე, სადაც პოლიტიკოსს ჯერჯერობით ბრალდბებულის სტატუსი აქვს, ერთადერთი მოწმე ძაღლია.
ალექსანდრეს შეზღუდვები, ოჯახის წევრების ნახვის შესაძლებლობა იმიტომ არ ეძლეოდა, რომ ჩვენ, ანუ ერეკლეა და სანდროს ზეწოლა არ მოგვეხდინა მოწმეებზე. იმ საქმეზე, რომელზეც უკვე მისჯილი აქვს 13 წელი, იქ მოწმეები იყვნენ პოლიციელები, იყვნენ მანდატურები და ნუ ადამიანები მაინც იყვნენ, ამ მეორე საქმეზე ერთადერთი მოწმეა საქმეში, რომელიც არის ძაღლი, ოთხფეხა, რომელზეც არ ვიცი როგორ უნდა მოვახდინოთ გავლენა, რომლის არც ჯიში ვიცით, არც სქესი, არც სახელი. ჩვენც გვყავს ძაღლი - რემბო - არის შავი ფერის, კოკერ სპანიელი და არის მამრობითი სქესის, ამ საქმეში რომელი ძაღლი ფიგურირებს არ ვიცით.
მე არ ვუსმენ მაგათ ["ქართულ ოცნებას"], მაგრამ გასაგებია, რომ მაქსიმალურად ცდილობენ გაამართლონ თავიანთი საქციელი და ალექსანდრე გამოიყვანონ რაღაც მონსტრად, რაც რეალობასთან არაფერ კავშირში არ არის. თვითონ დადიან დღეგამოშვებით ნამდვილი ტერორისტების სატირალში და ალბათ იმათაც ძალიან უკვირთ, როგორ შეიძლება ადამიანმა ორი ბოთლი ბენზინით მოახდინოს ტერორისტული აქტი, ალბათ მათი მეგობრებისთვის, ნამდვილი ტერორისტებისთვის, ეს ძაან სასაცილო იქნებოდა," - განაცხადა ირინა კილასონიძემ.
"ძლიერი საქართველოს" წევრს, ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებამდე ელისაშვილი მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.
- ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.