საჩუქარი თუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზება?- რვა თვეში ჩინოვნიკებმა 24 მილიონის საჩუქარი მიიღეს

15.07.26 20:28
საჩუქარი თუ უკანონო შემოსავლის ლეგალიზება?-  რვა თვეში ჩინოვნიკებმა 24 მილიონის საჩუქარი მიიღეს

24 მილიონის საჩუქრები მაღალჩინოსნებმა ოჯახის წევრებისგან მიიღეს - თან მხოლოდ 8 თვეში. საერთაშორისო გამჭვირვალობამ საჯარო მოხელეების დეკლარაციებში შეაგროვა მონაცემები,  ვის, რას ჩუქნიან. საჩუქრები თანამდებობის 379 პირმა მიიღო - 11 მლნ ლარი პირდაპირ ფული, ძირითადად ევროსა და დოლარში. ჩინოვნიკებს აჩუქეს 12 მლნ-ის უძრავი ქონება, სახლები და მიწები, 876 ათასი ლარის ავტომობილები, 100 ათასის ძვირადღირებული სამკაულები. საჩუქრებს შორის არის 364 ათასი ლარის ღირებულების 20 იარაღი.

ვინ ჩუქნის ფულს და ქონებას მაღალჩინოსნებს?! მშობლებზე 24 მლნ-დან 60 პროცენტი, თითქმის 15 მლნ. ლარის საჩუქრები მოდის. და-ძმები, შვილები, მეუღლე, ბებია-ბაბუა, მეგობრები - საჩუქრებს იღებენ ლამის ოჯახის ყველა წევრისგან. რატომ? საერთაშორისო გამჭვირვალობაში ფიქრობენ, რომ ეს კანონში დატოვებული შავი ხვრელია. გამონაკლისის მიხედვით, მაღალჩინოსნებს ოჯახისგან საჩუქრის მიღება არ ეკრძალებათ. ეს კი შესაძლოა უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საშუალებად იქცეს.

სიაში ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროა, აქ თანამდებობის პირებმა 2 მლნ 300 ათასზე მეტის საჩუქრები დააგროვეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა და მათი ოჯახის წევრებმა 2 მლნ-ზე მეტი მიიღეს. ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ცოლს ძმამ ნახევარ მლნ-ად შეფასებული უძრავი ქონება აჩუქა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძეს დედამ აჩუქა 150 ათასი დოლარი. ხონის საკრებულოს წევრ დემურ სულაბერიძეს დედამ 900 ათას ლარად შეფასებული ფართი აჩუქა.

მდიდრული საჩუქრები ჩინოვნიკებისთვის - ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები