ნარკოტიკების საქმე - დაკავებულთა შორის ყოფილი სამხედრო, მოლარე და ობიექტის მეთვალყურე არიან
მკვლელი ნარკოტიკები საღეჭ რეზინებში, სიგარეტის კოლოფებსა და წამლის კაფსულებში - სიცოცხლისთვის სახიფათო ნივთიერებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიური მოხმარების ნივთების საფარქვეშ ინახებოდა და სწორედ ამ ფორმით მიდიოდა შეკვეთილი ნარკოტიკი მყიდველთან.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 121 პირი დააკავეს.
"პირველების" ინფორმაცით, დაკავებულებს შორის არიან ნარკორეალიზატორებიც.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის აუდიო-ვიდეო ჩაწერისა და საკონტროლო შესყიდვების შედეგად, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ყიდდნენ.
გამოძიებამ ასევე გაშიფრა სქემა, რომლის მეშვეობითაც „მკვლელ ნარკოტიკებს“ ყიდდნენ. ნარკოტიკი ხელიდან ხელში გადადიოდა, ან ე.წ. „დამდებები“ მათ წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე - სადარბაზოებსა და საბავშვო სკვერებში მალავდნენ. ამ ფონზე ჩნდება კითხვა: თუ სამართალდამცველები ნარკოდანაშაულის ბრალდებით რეგულარულად აკავებენ ათეულობით პირს, რა გზით ხვდება სიცოცხლისთვის სახიფათო ნივთიერებები საქართველოში? შინაგან საქმეთა სამინისტროს გამართულ ბრიფინგზე ამ საკითხზე დღესაც არაფერი უთქვამთ.
სპეცოპერაცის დროს სამართალდაცმველებმა 28 წლის ყოფილი სამხედროც აიყვანეს, რომელსაც გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შენახვასა და რეალიზაციას ედავება. თავდაცვის ძალების ყოფილი ჯარისკაცი აცხადებს, რომ მის მიმართ პროვოკაცია მეგობარმა ჯარისკაცმა მოაწყო. მისი მტკიცებით, ე.წ. კანაფის შემცველი ნივთიერება მას სწორედ ამ პირმა დაუტოვა, ხოლო მოგვიანებით აღნიშნული ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.
სპეცოპერაციის დროს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ზურაბ ედილაშვილიც დააკავეს. ბრალდებული აცხადებს, რომ მისი დაკავება პროვოკაციის შედეგია.
ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირი ამტკიცებს, რომ მას მეგობარმა ქალმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დაკვეთით, პროვოკაცია მოუწყო. ედილაშვილის მტკიცებით, აღნიშნულ ქალს მსგავსი პროვოკაცია სხვა პირების მიმართაც არაერთხელ განუხორციელებია.
სასამართლომ ყველა დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება გრძელდება. ამ ეტაპზე უცნობია, რა გზით ხვდებოდა ქვეყანაში ე.წ. „მკვლელი ნარკოტიკები“ და ვინ უზრუნველყოფდა მათ ფართო გავრცელებას.