"1937 წელი გააცოცხლეს" - ლევან სამუშია 8 პოლიტიკოსის საქმეზე

15.07.26 21:09
"1937 წელი გააცოცხლეს" - ლევან სამუშია 8 პოლიტიკოსის საქმეზე

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, ლევან სამუშიამ 8 პოლიტიკოსის საქმეზე და გუშინ, 14 ივლისს სასამართლო პროცესზე დაკითხულ მოწმეებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, მას ყოველთვის აინტერესებდა, რა ხდებოდა 1937 წელს და 1937 წელი გუშინდელ პროცესზე გაუცოცხლდა. 

ლევან სამუშიამ აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს და კიდევ 6 პოლიტიკოსს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისთვის პოლიტიკური ბრალით ასამართლებენ. 

სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ ჩვენს ქვეყანაში, რომ ეს ასეა, ნამდვილად ასეა და ეს ჟესტიკულაციის სისხლის სამართლის საქმე არის სამარცხვინო ლაქა და მე ვიტყოდი, ღალატი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის. 

გუშინდელი სასამართლო პროცესი პირდაპირ, მე ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, მაინტერესებდა ზოგადად რა ხდებოდა 1937 წელს და ბევრი ჩვენგანი ვკითხულობდით, გუშინ გამიცოცხლდა პირდაპირ, თუ რა ხდებოდა 1937 წელს. 

ადამიანებს, ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს და სხვებს, ასამართლებენ პოლიტიკური ბრალით საქართველოს უკეთესი მომავლის ბრძოლისათვის," - განაცხადა ლევან სამუშიამ. 

"ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის განცხადებით, სასამართლოზე დაკითხული "ნეიტრალური საქართველოს" წევრები საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და ველის მოსუფთავებას ითხოვენ. 

დღესაც, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, ამ ხელისუფლების პირობებში, მესამე ბრალი აქვთ პოლიტიკური წაყენებული და მიმდინარეობს აღვირახსნილი პოლიტიკური დევნა, შეიძლება ითქვას. გუშინ ღიად იყო ამაზე საუბარი, ბევრ რამეზე იყო ამაზე საუბარი, საუბარი იყო იმასთან დაკავშირებითაც, რომ თურმე ქალბატონ ნანა კაკაბაძეს როდესაც ვკითხავდით, შეიძლება ვინმემ იკითხოს 90-იან წლებზე, მიმდინარე მოვლენებზე რატომ იყო საერთოდ კითხვები სისხლის სამართლის საქმეშიო, მეტი რაზე უნდა დაისვას ხალხო კითხვები, იქ მტკიცებულებები არ არსებობს და ამაზე მიდიოდა საქმე, ამაზე დაისვა კითხვები... თურმე მაშინ მათ შორის ბრალეულობა ყოფილა მრგვალი მაგიდის და მრგვალი მაგიდის შიდა განხეთქილება, რომ შემდგომ მოჰყვა ეს უბედურება, რაც ჩვენ ქვეყანას დაატყდა თავს. აი ამ მენტალობით დღეს ითხოვენ ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, სხვების გასამართლებას, ითხოვენ საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ველის მოსუფთავებას ითხოვენ," - აღნიშნა ლევან სამუშიამ. 

ცნობისთვის, 8 პოლიტიკოსის 14 ივლისის სასამართლო სხდომაზე "ნეიტრალური საქართველოს" წევრები დაიკითხნენ.  

  • სწორედ "ნეიტრალური საქართველოს" წარმომადგენლების განცხადების საფუძველზეც დაიწყო საქმის წარმოება პროკურატურამ. 

გამოძიების ეტაპზე, ჩვენებებში, რომელიც "პირველებს" ჰქონდა მოპოვებული,  ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი უმტკიცებენ პროკურატურას, რომ "ოცნების" დასანქცირების მიზნით, დასავლეთში გაგზავნილი წერილები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საჯაროდ გაკეთებული განცხადებებები კი მოღალატეობრივია.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები