არაფერი უთქვამს ნიკოლაიშვილს, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს ან მოწმის ჩვენებად, ან მნიშვნელოვან ინფორმაციად - ჯაფარიძე
არაფერი უთქვამს გელა ნიკოლაიშვილს, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს ან მოწმის ჩვენებად, ან რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციად, - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესის შემდეგ ისაუბრა. საუბარია 8 ოპოზიციონერი ლიდერის საქმეზე, სადაც დღეს ჩვენება იურისტმა გელა ნიკოლაიშვილმა მისცა.
ჯაფარიძის შეფასებით, ნიკოლაიშვილის ჩვენება საქმისთვის არსებით გარემოებებს არ შეიცავდა და ძირითადად 1992 წლის მოვლენებსა და პრევენციული განცხადების მოტივაციას შეეხებოდა.
არაფერი უთქვამს გელა ნიკოლაიშვილს, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს ან მოწმის ჩვენებად, ან რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციად. მან თქვა, რომ დიდი შეცდომა იყო გადატრიალება როცა მოხდა საქართველოში 92 წელს და მას ჰქონდა ის მოტივაცია, რომ ანალოგიური არ განმეორებულიყო ჩვენს ქვეყანაში, რისი მოტივაციაც ყველას გვაქვს და რაც დაუშვებელია, როდესმე მოხდეს ჩვენს ქვეყანაში. მან თქვა, რომ მას ჰქონდა პრევენციული მიზნით განცხადება, სხვა არაფერი უთქვამს და ისიც თქვა, რომ კონკრეტული ადამიანების უფლებები თუ ირღვევა, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანების დასანქცირების მოთხოვნა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მოთხოვნა, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.