პროკურატურა გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს მოითხოვს

20.07.26 15:43
პროკურატურა გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს მოითხოვს

ჩხუბი სასტუმროში - პროკურატურა კახეთში ინციდენტის მონაწილე გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს მოითხოვს. ინფორმაცია "პირველებს" უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

„დაკავებულს ბრალი წარედგინება 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და როგორც აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე არის პრაქტიკაში, აღკვეთის ღონისძიების სახით აქაც მოვითხოვთ გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით 5000 ლარის ოდენობით”, - აცხადებენ  უწყებაში.

თელავის რაიონული სასამართლო გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ დღესვე იმსჯელებს.

რა მოხდა 18 ივლისს? 

18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა - ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა - კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამს.

წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ რუსი მოქალაქეების  მიერ გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე. დაკავებული კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება. 

პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე გამოკითხა, შემდეგ კი დააკავა. მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარუდგენენ, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოკითხვების სერია და ხმაური პოლიციაში 

სასტუმროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში მოწმეთა გამოკითხვები გვიან ღამემდე გრძელდებოდა.  "პირველების" ინფორმაციით, გამოკითხულია არაერთი პირი, მათ შორის ნეფე-პატარძალი და სტუმრები. 

პოლიციაში გვიან ღამემდე კითხავდნენ მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილიც, რომლის წინააღმდეგაც საბოლოოდ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. [მრელაშვილი მღეროდა 18 ივლისს, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ინციდენტი მოხდა].

როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა ამინისტროში უთხრეს, გამოკითხვის დროს მომღერალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, შემდეგ კი პირადი ნივთების შემნახველი სივრცე დააზიანა.

გამოკითხვამდე, ალექსანდრე მრელაშვილმა TV პირველს განუცხადა, რომ მესამე სართულზე მყოფმა პირებმა ჩაშალეს ქორწილი, აივნიდან გადმოასხეს სითხე, რამაც აპარატურა დააზიანა.

 ამავე თემაზე: 

მსგავსი სიახლეები