"პრობლემა არა თავგასული რუსების არსებობა, არამედ სახელმწიფოს დამოკიდებულებაა საკუთარი მოქალაქეების მიმართ" - ელენე ხოშტარია

20.07.26 21:39
"პრობლემა არა თავგასული რუსების არსებობა, არამედ სახელმწიფოს დამოკიდებულებაა საკუთარი მოქალაქეების მიმართ" - ელენე ხოშტარია

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, დაკავებული პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს და კახეთის სასტუმროში, ქორწილში დაპირისპირებას ეხმიანება. 

მისი თქმით, პრობლემა არა "თავგასული რუსების არსებობა", არამედ სახელმწიფოს დამოკიდებულებაა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. 

დაკავებული ქალი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ პრობლემაა "აგრესიულ და პროვოკატორ რუსს ყოველთვის რომ უფრო მეტად აქვს ჩვენი პოლიციის იმედი, ვიდრე საქართველოს მშვიდობიან, წესიერ  მოქალაქეს". 

სწორედ თელავის პოლიცია იყო, ლავროვის შვილის ქორწილის გამო, აქტივისტებს რომ დაერია. ფიზიკურადაც კი მომიწია პოლიციის უფროსისაგან აქციის მონაწილეების დაცვა.

ჩვენი პრობლემა თავგასული რუსების არსებობა კი არაა, ეს მუდმივად ასე იქნება, არამედ ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება საკუთარი თავის, საკუთარი ღირსების, საკუთარი კანონებისა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ. პრობლემა ისაა, აგრესიულ და პროვოკატორ რუსს ყოველთვის რომ უფრო მეტად აქვს ჩვენი პოლიციის იმედი, ვიდრე საქართველოს მშვიდობიან, წესიერ  მოქალაქეს. სწორედ ეს არის შესაცვლელი," - წერს ელენე ხოშტარია. 

რა მოხდა 18 ივლისს? 

18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა - ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა - კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამს.

წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ რუსი მოქალაქეების  მიერ გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე. დაკავებული კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება. 

პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე გამოკითხა, შემდეგ კი დააკავა. 

გამოკითხვების სერია და ხმაური პოლიციაში 

სასტუმროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციაში მოწმეთა გამოკითხვები გვიან ღამემდე გრძელდებოდა.  "პირველების" ინფორმაციით, გამოკითხულია არაერთი პირი, მათ შორის ნეფე-პატარძალი და სტუმრები. 

პოლიციაში გვიან ღამემდე კითხავდნენ მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილიც, რომლის წინააღმდეგაც საბოლოოდ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. [მრელაშვილი მღეროდა 18 ივლისს, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ინციდენტი მოხდა].

როგორც "პირველებს" შინაგან საქმეთა ამინისტროში უთხრეს, გამოკითხვის დროს მომღერალმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, შემდეგ კი პირადი ნივთების შემნახველი სივრცე დააზიანა.

გამოკითხვამდე, ალექსანდრე მრელაშვილმა TV პირველს განუცხადა, რომ მესამე სართულზე მყოფმა პირებმა ჩაშალეს ქორწილი, აივნიდან გადმოასხეს სითხე, რამაც აპარატურა დააზიანა.