ჩხუბი კახეთის სასტუმროში - გიორგი ჭიღლაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

20.07.26 19:42
ჩხუბი კახეთის სასტუმროში - გიორგი ჭიღლაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ჩხუბი კახეთის სასტუმროში - გიორგი ჭიღლაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ჭიღლაძეს ბრალდების დადგენილება გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნეს.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ  პროკურატურა კახეთში ინციდენტის მონაწილე გიორგი ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს მოითხოვს. ინფორმაცია "პირველებს" უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

რა მოხდა 18 ივლისს? 

18 ივლისს თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ ჩხუბი მოხდა - ადვოკატების და ქორწილში მიწვეული სტუმრების ინფორმაციით, სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფმა რუსებმა შეურაცხყოფა მიაყენეს წვეულების სტუმრებს და სითხე დაასხეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნომერში ავიდა - კადრებში, რომელსაც რუსი ტურისტები ავრცელებენ ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალს სახელში ხელს ურტყამს.

წვეულების სტუმრები ამბობენ, რომ რუსი მოქალაქეების  მიერ გავრცელებულ კადრში არ ჩანს, თუ რა ხდებოდა დაპირისპირებენდე რამდენიმე წუთით ადრე. დაკავებული კაცის ახლობლები აცხადებენ, რომ ოთახში მყოფმა ქალმა გიორგი ჭიღლაძეს ხელი დაარტყა. კაცს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება. 

პოლიციამ გიორგი ჭიღლაძე გამოკითხა, შემდეგ კი დააკავა. მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარუდგენენ, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.