"ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის "გაუტარებს" ქართული საზოგადოება" - ირაკლი ზარქუა
"ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის "გაუტარებს" ქართული საზოგადოება" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა და ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა.
მისი თქმით, "არ შეიძლება ყველაფერზე ხუმრობა". ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომ "ცემა-ტყეპა არასწორია, მაგრამ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო".
ძალადობა არ არის ლამაზი, მძიმეა, მიუღებელია, რაც არ უნდა ფაქტორით იყოს განპირობებული. მე ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად სიტყვიერად იყოს ურთიერთობები გარკვეული. ამავდროულად, მე ყველას მოვუწოდებ, არ შეიძლება უდიერად მოხსენიება იმ ადამიანების, რომლებიც საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის, იქნებიან ეს მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტები თუ სხვა. არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება, ლანძღვა-გინება. ამის შემდეგ ასეთი რაღაც რომ მოხდება, ბუნებრივია, არავინაა ამისგან დაზღვეული. ყველას მოვუწოდებ, პატივი ვცეთ ჩვენს ენას, მამულს, სარწმუნოებას, ეკლესიას, ჩვენს პოეტებს, მწერლებს. ეს არის სწორი მიდგომა. არიან საქართველოში, რომლებიც არ გაპატიებენ ასეთ შეურაცხყოფას. ბუნებრივია, არ არის ეს სწორი ფორმა. ეს ძალადობა მიუღებელია, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა.
არ შეიძლება ყველაფერზე ხუმრობა. ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე, არ აგინო, არ ლანძღო, შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია, იმიტომ, რომ საზოგადოებას თავისი რეაქცია ექნება. ცუდია, ვგმობ, არ არის სწორი ცემა-ტყეპა, მაგრამ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო. შეგიძლია კრიტიკა გამოხატო აკადემიურად, მაგრამ არ შეაგინო, არ გალანძღო. ტელევიზიას რომ აბრალებ გამლახესო, არ არის სწორი ფორმულირება. ყველამ საკუთარ თავში ვეძებოთ ის პრობლემები, რაც ჩვენს თავს არის. ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის "გაუტარებს" ქართული საზოგადოება. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს - მანაც, მისმა საძმაკაცომ თუ სადაქალომაც და დანარჩენებმაც. იხუმრეთ, ბევრი თემაა სახუმარო, მაგრამ ეგ ისე უნდა გააკეთო, რომ სხვას შეურაცხყოფა არ მიაყენო," - განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, 23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომიკოსზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ადგილზე თვითმხილველებმა გადაიღეს, ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კომიკოსს ეუბნება: "ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო".
რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას "აშავებენ", კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.