საქართველო ანტი-დასავლური ძალების შავბნელი საქმეების პოლიგონად გადაიქცა - გრიგოლ გეგელია
საქართველო დღეს ეჭვმიტანილია ანტი-ამერიკულ დიქტატურებთან თანამშრომლობაში - ასე ეხმაურება "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის დამტკიცებას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ეს არის "ოცნების" კიდევ ერთი კრახი საერთაშორისო ასპარეზზე.
როგორც გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, "საქართველო ანტი-დასავლური ძალების შავბნელი საქმეების პოლიგონად გადაიქცა", რის გამოც ამერიკელი კანონმდებლები თეთრ სახლსა და პენტაგონს დღეს უკვე ღიად ავალებენ პრო-აქტიურად გააკონტროლონ საქართველო.
"ქართული ოცნების რეჟიმი არის დაკარგული შესაძლებლობების, სიღარიბის, მასობრივი ემიგრაციის და უპერსპექტივობის რეჟიმი, რომელმაც ღარიბ ერს განვითარების ყველა შესაძლებლობა ჩაუხერგა" - თქვა გეგელიამ.
ოცნების რეჟიმის კიდევ ერთი კრახი საერთაშორისო ასპარეზზე. აშშ-სთან ურთიერთობების დალაგების ნაცვლად, ოცნებამ დღეს კონგრესისგან მორიგი მძიმე დარტყმა მიიღო.
კონგრესმა დაამტკიცა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელშიც შესულია მკაფიო ჩანაწერი საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც თავდაცვის მდივანს, სახელმწიფო მდივანს, სადაზვერვო სამსახურს და სხვა ინსტიტუტებს ავალებს აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღეში წარადგინოს საიდუმლო ანგარიში, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების საქმიანობას და მათი გავლენების, ინტერესების და თანამშრომლობის პოტენციურ გადაკვეთას ეხება.
აქტის მიღება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ამერიკული ინტერესი საქართველოს, შუა დერეფნისა და სტრატეგიული უსაფრთხოების მიმართულებით კვლავაც ადგილზეა და პრიორიტეტულია.
თუმცა, სავალალოა, რომ მაშინ როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი აშშ-სთან სტრატეგიულ ურთიერთობებს აღრმავებენ, საქართველო დღეს ეჭვმიტანილია ანტი-ამერიკულ დიქტატურებთან თანამშრომლობაში.
ამის გამოძახილია, რომ ამერიკელი კანონმდებლები თეთრ სახლსა და პენტაგონს დღეს უკვე ღიად ავალებენ პრო-აქტიურად გააკონტროლონ საქართველო, რომელიც ბოლო წლებში ანტი-დასავლური ძალების შავბნელი საქმეების პოლიგონად გადაიქცა.
კანონპროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს აგრეთვე ავალებს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც კრიტიკულად შეაფასებს აშშ-ს დაფინანსებას და სამხედრო, სავაჭრო, და საინვესტიციო კავშირების შესაძლო გადახედვას.
რას ნიშნავს ეს? ნაცვლად ურთიერთობების გაღრმავებისა, მეტი ვაჭრობისა, მეტი სამხედრო თანამშრომლობისა, დღეს ამერიკელმა კანონმდებლებმა აღმასრულებელ შტოს დაავალეს დასვას შემდეგი კითხვა: საერთოდ უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-მ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ძალისხმევის და ინვესტიციების ჩადება?
ნორმალური ხელისუფლების პირობებში, დღეს საქართველო უნდა აღრმავებდეს სტრატეგიულ ურთიერთობას აშშ-სთან, აშენებდეს ანაკლიას სომხეთის და აზერბაიჯანის ჩართულობით, ამდიდრებდეს ქართველ ერს და ქმნიდეს ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ერის განვითარებოსთვის.
ამის ნაცვლად ქართული ოცნების რეჟიმი არის დაკარგული შესაძლებლობების, სიღარიბის, მასობრივი ემიგრაციის და უპერსპექტივობის რეჟიმი, რომელმაც ღარიბ ერს განვითარების ყველა შესაძლებლობა ჩაუხერგა". - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მსგავსი სიახლეები
რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი და დადექით ხალხის მხარეს - ნათელაშვილი
"ივანიშვილს და მის ბანდას დარჩა ერთადერთი გზა, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას" - ნათელაშვილი