საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

24.07.26 14:15
საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება გადაიხედება.

უწყების ინფორმაციით,  საქართველო სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის.

„ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შესაბამისი უწყებები მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და განმარტების დროულად მიწოდებას.

საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში, ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შესაბამისი სამსახურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებით განსაზღვრული ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში იხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას.

საქართველო კვლავაც მზად არის ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის გაზიარებისათვის“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

  • ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა.  პაკეტი მოიცავს სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომელთაც გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და შესაძლებლობაზე ომი აწარმოოს.
  • სანქციების სიაში მოხვდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. სანქცია ძალაში 6 თვეში შედის.
  • სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ნავთობის სექტორში 18 იურიდიულ და 1 ფიზიკურ პირი დასანქცირდა, მათ შორის, რუსეთის 3 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ბელარუსის ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა, ისევე როგორც კომპანია, რომელიც შექმნილია რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გასაყიდად. 

ამავე თემაზე:

მსგავსი სიახლეები