ენა უნდა აკონტროლოს ადამიანმა - "ოცნების" დეპუტატი ოქრიაშვილზე
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ კომიკოს ონისე ოქრიაშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას არ ამართლებს, თუმცა მიიჩნევს, რომ საჯარო პირებმა საკუთარ განცხადებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. მისი თქმით, ნოდარ დუმბაძის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელი იყო, თუმცა თავად ძალადობისკენ არავის მოუწოდებდა.
მე არ ვამართლებ იმას, რაც ქუჩაში მოხდა. არ ვფიქრობ, რომ ისე უნდა გაუსწორდნენ ადამიანებს, რაც ქუჩაში მოხდა. მესმის, რომ არასწორად მოიქცა, შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, ადამიანს სატიკად გაუსწორდა და მიეცა პასუხისგებაში, მაგრამ იმის შიშით, რომ დღეს ჩემს სიწმინდეს, პირობითად ვამბობ, ვიღაცა შეურაცხყოფდეს და იმის შიშით, რომ ვიღაცა ქუჩაში არ დახვდეს და სადმე მერე იმას არ გაუსწორდნენ, კომენტარი არ გავაკეთო თქვენთან? არ არის მოსაწონი, გალახოს თქო კი არ მითქვამს, მოსაწონი არ იყო მისი შეურაცხყოფა, გინება ნოდარ დუმბაძის დაცინვა, გაბითურება და გამაიმუნება... არა, ბუღაძეა მაგარი და ნოდარ დუმბაძეა არაფერი... პირში წყალი დამეგუბებინა და კომენტარი არ გამეკეთებინა, რომ ვიღაცა ქუჩაში არ დახვედროდა? პოლიტიკოსი ვარ და შეფასებას ვეკთებ, პოსტ ტვ-ზე ვიჯექი, სხვაგან არა, გადაახვიეთ და ნახეთ. მე არაფერი მომიწოდებია არავისთვის. დაცვა უნდა ამეყვანა ამ ადამიანისთვის? ენა უნდა აკონტროლოს ადამიანმა, როცა, მითუმეტეს, საჯაროდ ზიხარ და კომენტარებს აკეთებ, - ამბობს ირაკლი ჭეიშვილი.
ცნობისთვის, 23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომიკოსზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ადგილზე თვითმხილველებმა გადაიღეს, ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კომიკოსს ეუბნება: "ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო".
რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას "აშავებენ", კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.
ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს ბრალს დღეს წარუდგენენ. "ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ გამოთქვა სურვილი, რომ დაკავებულს თავდებშ ჩაუდგეს.