როდესაც შეურაცხყოფას აყენებ, ბუნებრივია, იწვევ ამით საზოგადოების შესაბამის რეაქციას - მათიკაშვილი ოქრიაშვილზე

24.07.26 16:04
როდესაც შეურაცხყოფას აყენებ, ბუნებრივია, იწვევ ამით საზოგადოების შესაბამის რეაქციას - მათიკაშვილი ოქრიაშვილზე

 

 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ონისე ოქრიაშვილზე ძალადობა მიუღებელია, თუმცა, მისი შეფასებით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებისა და ავტორიტეტების შეურაცხყოფა შესაბამის საზოგადოებრივ რეაქციას იწვევს.

მათიკაშვილის თქმით, აზრის გამოხატვისას განსაკუთრებული თავშეკავებაა საჭირო.

ორი წახნაგი აქვს ამ საკითხს - არ არის მისაღები და გამართლებადი ძალადობა, ამავდროულად, ღირებულებების მიმართ უნდა ვიყოთ თავშეკავებულები და გამონათქვამებში, სურვილებში და აზრის გამოთქმაში, ის, რაც წარმოადგენს ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნისთვის, ის ადამიანები, ის ინსტიტუციები, ის ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანს, როდესაც შეურაცხყოფას აყენებ და ფეხქვეშ თელავ, ბუნებრივია, იწვევ ამით საზოგადოების შესაბამის რეაქციას, - ამბობს დავით მათიკაშვილი. 

ცნობისთვის, 23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომიკოსზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ადგილზე თვითმხილველებმა გადაიღეს, ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კომიკოსს ეუბნება: "ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო". 

რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას "აშავებენ", კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელს ბრალს დღეს წარუდგენენ. "ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ გამოთქვა სურვილი, რომ დაკავებულს თავდებშ ჩაუდგეს.

 

მსგავსი სიახლეები