საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიება - ოპოზიცია სუსის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს
სუსის მიერ დაწყებულ გამოძიებას, რომელიც 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულ გათიშვას უკავშირდება, ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საგამოძიებო პროცესის ობიექტურობის მიმართ ნდობა არ არსებობს და არ გამორიცხავენ, საქმე პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ენერგოსისტემა დღეს მოწყვლადია და არ გამორიცხავს, ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა კვლავ ოპონენტებს გადააბრალოს.
ამასთან დაკავშირებით, საბოტაჟია თუ არაა ეს ყველაფერი, ამაზე სერიოზულ პასუხს ვერ ვიტყვი. ერთადერთი ფაქტია, რომ დღეს ივანიშვილის პირობებში ქართული ენერგოსისტემა არის მოწყვლადი და სადღაც ერთ წერტილში მცირე დაზიანებით შეიძლება, გათიშოს მტერმა თუნდაც ჩვენი ქვეყანა, რაც წარმოუდგენელი სიგიჯეა, რასაც ერთადერთი რამ სჭირდება - კარგი ხელისუფლება, რომ კარგად მართავდეს და არა ასეთი, რომელსაც არ გააჩნია პასუხი. იწყებს სუსი გამოძიებას საბოტაჟის მუხლით ეჭვებით და ისეთი მდგომარეობაა, რომ ალბათ ისევ ოპოზიციონერ ლიდერებს დააბრალებენ, რომ სადღაც ირაკლი კუპრაძემ, ადიგენში როცა იმყოფებოდა რეგიონალურ ტურში, იქიდან რაღაც გადაჭრა, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
გამოძიების მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს კოალიცია "ცვლილებისთვის" თენგო თევზაძეც. მისი შეფასებით, სუსის მიერ დაწყებულ გამოძიებას საზოგადოების ნდობა არ აქვს და არსებობს საფრთხე, საქმე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.
ამ რეალობაში, რასაც ახლა ჰქვია ელექტროსისტემის და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა, ამაზე საბოტაჟის გამოძიებაზე უკვე საზოგადოებას ნდობა არ აქვს, რეალურად აპირებს რაიმეს გამოძიებას და რეალურად იყო რამე პრობლემა, თუ კვლავ "ქართული ოცნება" ამას გამოიყენებს ან პროპაგანდისთვის, ან ვინმეს დასასჯელად, ვისაც ბრალი არ მიუძღვის ამის გაკეთებაში. აქედან გამომდინარე, მთლიანად გაუფასურებულია ამ კუთხით საქმეების გამოძიება და მეორე - საერთოდ არ არსებობს ნდობა "ქართული ოცნების" საგამოძებო სამსახურების მიმართ და განსაკუთრებით სუსის მიმართ, ვინაიდან სუსის მიერ გამოძიებული ყველა საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და პოლიტიკური ინტერესის მატარებელი და არ გამოვრიცხავ, რომ ესეც და ერთ-ერთი მათ შორის, იყოს ვინ იყო ამაშ დამნაშავე, მაგასაც ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ამას სჭირდება კვალიფიციური და სანდო გამოძიება, - ამბობს თენგო თევზაძე.
24 და 25 ივლისს მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის ამბავს სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს - სუს-მა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.